ლომჯარია: 6 აღსაზრდელს შევხვდი, გაიხსენეს ფიზიკური დასჯის, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წერს, რომ დღეს, 6 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელს შეხვდა, რომლებიც ალტერნატიულ ზრუნვაში საკუთარი ნებით გადავიდნენ. ლომჯარია წერს, რომ არსაზრდელებმა გაიხსენეს ფიზიკური დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები.

“არასრულწლოვნებმა ჩემთან დეტალურად ისაუბრეს ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ წლებზე. გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რასაც, მათი თქმით, მეტწილად მცირეწლოვნობის პერიოდში ჰქონდა ადგილი”. – წერს ლომჯარია.

სახალხო დამცველის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დეტალურად შეფასდეს ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში არსებული მდგომარეობა, დაიგეგმოს მათი ოჯახებში შესაძლო დაბრუნება და გადაიდგას ნაბიჯები ოჯახების გაძლიერების მიმართულებით.

“ბავშვებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრებმა ყველა არასრულწლოვანმა, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა დატოვონ ეს ადგილი და სახელმწიფომ უნდა შეუქმნას მათ ღირსეული, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემო ოჯახებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ოჯახური ტიპის დაწესებულებებში.

ჩვენ ვაგრძელებთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვების მდგომარეობის და საჭიროებების მონიტორინგს, ასევე, შევისწავლით ყველა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობას, ვინც ჯერ კიდევ ამ პანსიონში იმყოფება”, – წერს ომბუდსმენი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს