”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მოთხოვნები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე არ გავრცელდება

”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მოთხოვნები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე არ გავრცელდება. აღნიშნული საკითხი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა.

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის თანახმად, შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღებას ექვემდებარება. კანონის შესაბამისად, სარგებლობის ლიცენზია არის სახეობა, რომელიც პირს სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლებას ანიჭებს და ის აუქციონის წესით გაიცემა.

“აუქციონის ჩატარების წესებისა და პირობებიდან გამომდინარე, შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღება ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, ვინაიდან იგი ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია განახორციელოს მგზავრთა მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით მომსახურეობა. მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემა ვერ განხორციელდება. გარდა ამისა, აუქციონის წესით გაცემა დაკავშირებულია დროის ხანგრძლივ პერიოდთან და სათანადო პროცედურების განხორციელებასთან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტროპოლიტენის საქმიანობის შეფერხება. ასეთ შემთხვევაში, კი, ზიანი ადგება განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს“, – განმარტა ნინო ენუქიძემ.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, დესპანის პოზიცია იქნება შემოღებული
შემდეგი სტატიასაქართველოში საწვავი საშუალოდ 5-7 თეთრით გაიაფდა