ლევან მურუსიძე – შეფასება, ვინ მორალურია და ვინ ამორალური, არასწორად მიმაჩნია

თანახმა ვართ შემოღებული იქნას ნებისმიერი კრიტერიუმი, თუმცა ამ კრიტერიუმების მიხედვით რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საბჭო, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განუცხადა.

მისი თქმით, თუ განხორციელდა ცვლილებები, ამ ცვლილებებს არ უნდა შეეწირონ მოსამართლეები.

„თანახმა ვართ, შემოღებული იქნას ნებისმიერი კრიტერიუმები. თუმცა ამ კრიტერიუმებით რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საბჭო, მისაღები უნდა იყოს ყველასთვის. თუ იმას ფიქრობენ, რომ შემოიღებენ სპეციალურ კანონებს, რომლითაც ამა თუ იმ მოსამართლეზე იტყვიან რომ ღირსი არ არის დარჩეს სასამართლო სისტემაში, არის მიუღებელი. მორალური შეფასება – ვინ მორალურია და ვინ ამორალური, არასწორად მიმაჩნია“, – განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოქმედებს იმ კანონებით, რა კანონებიც არსებობს.

„ლევან მურუსიძე უსასრულოდ ვერ იქნება საბჭოს მდივანი, ერთ წელში გამდის ვადა. როდესაც ვსაუბრობთ, საკანონმდებლო ცვლილებებზე, უნდა ვისაუბროთ იმაზეც სისტემას რაც გამოადგება და არ უნდა იყოს საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე. საბოლოო ჯამში, რა კანონსაც მიიღებს პარლამენტი, იმ კანონით იმოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დანიშნავენ ინსპექტორს, დანიშნონ. ჩვენი პოზიციაა, რომ არ უნდა იყოს ინსპექტორი. მოსამართლეთა შერჩევის კუთხით ვმოქმედებთ იმ კანონით, რა კანონიც არსებობს. კანონის თანახმად თუ ვიმოქმდებეთ, ე.ი. ვმოქმედებთ სწორად“, – განაცხადა მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლოს რეფორმაზე მესამე სექტორის ინიციატივებს ნინო გვენეტაძე არ იზიარებს
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე მოსახლეობას სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს