ლევან მურუსიძე არ ეთანხმება არასამთავრობო სექტორის საჩივარს მოსამართლეების არჩევა-დანიშვნასთან დაკავშირებით

ლევან მურუსიძე არ ეთანხმება არასამთავრობო სექტორის საჩივარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების არჩევა-დანიშვნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, კანონი შესაძლოა, დროთა განმავლობაში იცვლებოდეს, რაღაც დებულებები ემატებოდეს, იხვეწებოდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის არაკონსტიტუციური.

„იყო პერიოდი, როდესაც კენჭისყრა იყო ღია და ასეთ შემთხვევაში ხდება გადაწყვეტილების დასაბუთება, მაგრამ კანონმდებლობამ 2012 წლის შემდეგ თქვა, რომ მოსამართლეთა არჩევა-დანიშვნის წესი უნდა იყოს ფარული, თუ ფარულია იქ უკვე დასაბუთება შეუძლებელია, ვინაიდან ფარული კენჭისყრის დროს არავინ არ იცის ვინ კონკრეტულ კანდიდატს მისცა ხმა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ან კანონმდებელი მიიჩნევს, რომ რაღაც არის შესაცვლელი ან დასამატებელი კანონში. შესაბამისად ჩვენ ვიმოქმედებთ ახალი კანონის შესაბამისად. ვიდრე მოქმედებს კანონი, ჩვენ ვმოქმედებთ არსებული კანონით, რა თქმა უნდა იდეალური არაფერი არ არსებობს, შეიძლება ცვლილებების მიღება, შეიძლება ახალი კანონის მიღება, ან დახვეწა, მაგრამ ის რომ საბჭომ არ დანიშნოს მოსამართლე და ეს არაკონსტიტუციურად მივიჩნიოთ, არასწორი. თუმცა საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთვნის”, – განაცხადა მურუსიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა შემადგენლობამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხი არსებით განხილვაში დააბრუნა. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, სასამართლო პლენუმის ძველი შემადგენლობა უკვე გადაწყვეტილების მისაღებად იყო გასული, არსებითი განხილვის ხელახალი დაწყება კი პროცესს გააჭიანურებს. არასამთავრობო ორგანიზაციები იმ ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვენ, რომელიც არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუსაბუთოს კონკრეტულ კანდიდატს, რატომ უთხრა უარი მოსამართლედ დანიშვნაზე. ეს პლენუმის ახალი შემადგენლობის პირველი საქმეა, მოპასუხე მხარე კი საქართველოს პარლამენტია.

banner
წინა სტატიაში“მიშასთანაცაა ნაქეიფარი და ბიძინას კარის მეზობელიცაა”- ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ პრეზიდენტზე
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელმაც ბიზნესის სფეროში მთელი ეპოქა შექმნა