ლევან კობერიძე უმრავლესობას – პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ ქვეყანას

პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ ქვეყანას იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიიღეთ, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს.

კობერიძის განცხადებით, „დღეს „ქართული ოცნება“ საზოგადოებას არ ელაპარაკება.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარება მმართველი პარტიისთვის ყველაზე მომგებიანია.

“თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ამის მორალური უფლება არანაირად არ გააჩნდათ, რომ თავისი მმართველობის მერე გამოსულიყვნენ და საზოგადოება დამოძღვრონ. შეიძლება თქვენ ეს გსიამოვნებთ, მაგრამ საზოგადოებას ნამდვილად არ სიამოვნებს. დღეს თქვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი არის ქვეყნის ერთობლივად მართვა. ეს არის თვალნათელი იმიტომ, რომ თქვენ გაწყობთ ორპოლუსიანობა. ორპოლუსიანობა აწყობს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ – იმ ოპ პარტიას, რომელსაც, როგორც ჩანს, არაცნობიერი შეთანხმება აქვს ერთმანეთთან, რომ ასე მართონ ქვეყანა. ორივე ერთმანეთს კარგად გრძნობთ, თქვენ მისცემთ რაღაც საბაბს, მერე ისინი გამოვლენ, იტყვიან, რომ ხალხის სახელით საუბრობენ, მერე თქვენ ამბობთ, რომ ამას გმობთ და ამ თქვენს კინკლაობას უნდა უყუროს იმ ხალხმა, ვინც ქუჩაში არ გამოდის? რომელსაც არც „ქართული ოცნება“ აღარ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“? იმიტომ, რომ ორივე ძალას დღეს ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, ნდობა აქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“ გასაგებია, რასაც აკეთებდა და იმიტომაც მოიშორა ქართველმა ხალხმა, ახლა თქვენ ადგახართ მაგ გზას. ეს არის უბედურება.

როგორ უნდა იყოს ქვეყანაში სიმშვიდე, როცა თქვენ თვითონ თქვენი არასწორი ნაბიჯებით აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანაში დესტრუქცია მოხდეს? მერე მერაბიშვილი გამოვა თებერვალში, მერე სააკაშვილი მარტი-აპრილში მოადგება საზღვარს და მერე რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროთ თქვენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოსახლეობას დაუტოვოთ არჩევანი, რომ თქვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გააკეთოს არჩევანი? ასე იქნება და ეს მოგწონთ თქვენ, ეს არის თქვენი უბედურება და უპასუხისმგებლობა, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ ეს ხალხის გონებაში არ არის. თქვენ ასე გაწყობთ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არაა. იმ ნაბიჯით, რაც თქვენ გადადგით, საზოგადოება კი არა, საკუთარი თავი მოატყუეთ“, – განაცხადა კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : თუ ხელისუფლება “გერმანულ მოდელს” დათახმდება, დეკემბრის ბოლომდე გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა და აქციები შეწყდება
შემდეგი სტატიამდინარაძე-“ნაცმოძრაობა მალე არ იარსებებს”