ლევან ბერძენიშვილი : შინაგან საქმეთა მინისტრმა მოქალაქეებს უნდა მოგვხედოს

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მას ეგონა, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იტყოდა, რომ მოქალაქეებსაც დაიცავს.

როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, მან არ იცის, შს მინისტრმა შეამჩნია თუ არა, რომ საქართველოს დედაქალაქში ცენტრში კაცს კლავენ.

“ეს უკვე ყველა საზღვარს გაცდა და ამას სისტემური ანალიზი სჭირდება, რაც შემთხვევითი ვერ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც რაოდენობა პოტენციური მკვლელების გამოშვებულია ვოლიერებიდან თუ არ ვიცი, საიდან. მესმის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის უფროსია და პოლიციას უნდა მოეფეროს, მაგრამ ქართველი ხალხის არჩეულია და ჩვენი დანიშნულია. ჩვენ უნდა მოგვხედოს, მოქალაქეებთან ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო.

მგონი, უბრალოდ, მას თავისი პასუხისმგებლობა და თავისი როლი არ ესმის. მთავრობის მუშაობაში ეს ხარვეზია და მოქალაქეებისკენ აღარ იყურებიან. რატომღაც, ჰგონიათ, რომ თანამდებობები მემკვიდრეობით ერგოთ“, – დასძინა ბერძენიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუშინ, წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს მიმართა, პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციელების ჩარევას ნუ ცდილობენ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა : სკოლის მეთორმეტე კლასის გაუქმება არ განიხილება
შემდეგი სტატიავინ იბრძლოლებენ წალენჯიხის გამგებლობისთვის „ოცნებასა“ და ოპოზიციიდან