ლელო მოუწოდებს ხელისუფლებას შეარბილოს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი

“საქართველოში სათამაშო ბიზნესით დერეგულაციით გამოწვეული ზიანი დიდი ხანია ჩვენი საზოგადოების მწვავე პრობლემას წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, ზოგადი მოსახლეობის 10% თვეში ერთხელ მაინც თამაშობდა აზარტულ თამაშებს, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაკვეთით 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეთა 20% გადაჭარბებულად თამაშობს აზარტულ თამაშებს.
ლელო 2020 წლიდან მოყოლებული ითხოვდა აზარტული თამაშების რეგულირებას და ამ სფეროში სამართლიანი და გამჭვირვალე საგადასახადო პოლიტიკის დაწესებას. ამ მიმართულბით საქართვლოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეგულაციები მისასალმებელი იქნებოდა, რომ არა ქართული ოცნების ორმაგი სტანდარტი, ფარისევლობა და მზაკვრული პოლიტიკური ინტერესი.
ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მდებარე კაზინოებს გაუნახევრა მოსაკრებელი და 5 მილიონი ლარი აჩუქა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს საარჩევნო კამპანიის დროს ღარიბაშვილის მიერ საარჩევნო დაპირებად დაანონსებული კაზინოების ქალაქის მშენებლობა გონიოში. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქართული ოცნების რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ფლობენ წილს სათამაშო ბიზნესში, არამედ ამ ფულით აფინანსებენ მმართველ პარტიას.
დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს აზარტული თამაშების რეკლამის სრულად აკძალვას. ამ ბიზნესიდან მიღებული სარეკლამო შემოსავალი, სატელევიზიო მედიის სარეკლამო შემოსავლების თითქმის 20%-ს შეადგენს და მისი აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მედიას.
სინამდვილეში ქართული ოცნება დაინტერესებულია არა აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებით, არამედ მედიისთვის დამატებით ფინანსური დაბრკოლებების შექმნით. ზუსტად ამიტომ, ლელო დროულად და მიზანშეწონილად მიიჩნევს მედიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას.
ამ ინიციატივით ლელო ჯერ კიდევ 2020 წელს გამოვიდა, როდესაც პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სარეკლამო ბაზარს, რომელიც სატელევიზიო მედიის შემოსავლის მთავარი წყაროა.
საქართველოში მედია გაცილებით მეტია ვიდრე ბიზნესი. პლურალისტური მედია დღეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგას. სწორედ ამიტომ არის მედია ივანიშვილის ხელისფულების სიძულვილის და თავდასხმების ხშირი ობიექტი.
ლელო მოუწოდებს ხელისუფლებას შეარბილოს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი და სულ მცირე სამი წლის განმავლობაში მედია ბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან. ამ ნაბიჯით შევამცირებთ იმ მოსალოდნელ დანაკარგებს, რომელიც პანდემიით და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით იქნება გამოწვეული. უახლოეს მომავალში ლელო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა ეს შეთავაზება პარლამენტში დარეგისტრირდეს საკანონმდებლო ინიციატივის სახით.” – განაცხადა საბა ბუაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – სირცხვილია, რაც სააკაშვილმა ილაპარაკა, რაც მთავარია, მისი მხარდამჭერები ხომ არიან ბედნიერი
შემდეგი სტატიაწარმოუდგენელი გულგრილობა… დღეში 50-80 ადამიანი იღუპება და ეს ნორმააო გვეუბნებიან – ხოშტარია კოვიდსტატისტიკაზე