ლეჩხუმისა და სვანეთის მაღალმთიან სოფლებში სხვადასხვა კულტურის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის უფროსთან, ზაურ ჩანქსელიანთან ერთად ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში არსებული ჯიშთა გამოცდის და საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აღნიშნულ სოფლებში ერთწლოვანი კულტურების (ქერი, სიმინდი, სოია, კარტოფილი და სხვ) ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ჯიშებზე სტაციონალურ ცდებს ატარებს. ქერის კულტურა სვანეთში უძველესი დროიდანაა გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ სვანეთში ქერი მოკლე სავეგეტაციო პერიოდით ხასიათდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია. მოკლე სავეგეტაციო პერიოდით ხასიათდება სიმინდის ადგილობრივი ჯიშიც, ე.წ. „შვიდკვირიანი“, რომელიც სვანეთის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში მარცვლის მაღალ და ხარისხიან მოსავალს იძლევა.
სვანეთის მაღალმთიანი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია კარტოფილის კულტურის მოყვანაც. სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყვის ბაზაზე, ტექნოლოგიური სქემების სრული დაცვით მიმდინარეობს ორი ადგილობრივი და ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი კარტოფილის ჯიშის შესწავლა. ნიადაგის შესწავლის მიზნით, კომპლექსურ სამუშაოებს აწარმოებს ამავე ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური.
მიმდინარე წლის შემოდგომიდან ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, არსებულ საცდელ ნაკვეთებზე იგეგმება რეგიონისათვის ადაპტირებული მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების ადგილობრივი და უცხოური ჯიშების გაშენება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოტროპული პრეპარატების ურეცეპტოდ გაყიდვის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს