ლავროვი: ყველა მოიგებს თუ ახალი START-ის შეთანხმება წინაპირობების გარეშე გაგრძელდება

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2020 19:45

ლავროვი: ყველა მოიგებს თუ ახალი START-ის შეთანხმება წინაპირობების გარეშე გაგრძელდება

12 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღების კონტროლის ახალი START-ის ხელშეკრულება წინაპირობების გარეშე გაგრძელდება, ყველა მოგებული დარჩება.

მან ასევე აღნიშნა, რომ სჯობს დაელოდონ მანამ, სანამ შეერთებულ შტატებში პოლიტიკური სიტუაცია დალაგდება.

მსგავსი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გასულ თვეს გაავრცელა. მას სურს, რომ აშშ-მ და რუსეთმა NEW START-ის შეთანხმება, სულ მცირე, 1 წლით ყველანაირი წინაპირობების დაწესების გარეშე გააგრძელონ.

აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

მანამდე მოლაპარაკებებში აშშ-ს წარმომადგენელმა მარშალ ბილინგსლეამ თქვა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის პრინციპული შეთანხმება შედგა, თუმცა მალევე ოფიციალურმა მოსკოვმა ეს უარყო და მას ილუზია უწოდა.

ბილინგსლეა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს ჰელსინკიში შეხვდა. მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარ საკითხს წარმოადგენდა 2010 წლის START-ის შეთანხმების გახანგრძლივება, რომელსაც ვადა თებერვალში გასდის.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მთავრობების უმაღლეს დონეზე არსებობს პრინციპული შეთანხმება. ამიტომ შევწყვიტე ჩემი ვიზიტი აზიაში და ჰელსინკიში ჩამოვედი, როდესაც რუსები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მოლაპარაკება სურდათ”. – თქვა ბილინგსლეამ.

მისივე თქმით, შეთანხმების გაგრძელებისათვის აშშ-ს წინაპირობაა აკრძალვა გავრცელდეს მცირე რადიუსის ტაქტიკურ ქობინებზეც. ამ პირობას მოსკოვი არ ეთანხმება.

რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთის START-ის ახალ შეთანხმებას აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე არ დათანხმდება.

ბილინგსლეას თქმით კი, რიაბკოვს, შესაძლოა, უკანასკნელი ინფორმაცია არა აქვს რუსეთის ლიდერის სურვილების თაობაზე:

“იმედი მაქვს, რომ ჯენტლმენური შეთანხმება, რომელიც, ჩვენი აზრით, უმაღლეს დონეზე შედგა, საბოლოოდ ჩამოაღწევს მათ სისტემაში და ჩემს კოლეგას ექნება ნებართვა მოლაპარაკებებზე. ჩვენ მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს ხვალვე შეგვიძლია. მოსკოვმაც უნდა გამოამჟღავნოს პოლიტიკური ნება”. – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ასევე სურდა იარაღის კონტროლზე ყველა სამომავლო შეთანხმებაში ჩართულიყო ჩინეთიც, თუმცა ამ მოთხოვნაზე უარი გასულ კვირას თქვეს და განაცხადეს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომავალში შედგეს. ჩინეთი დისკუსიაში ჩასართველად არაერთხელ მიიწვიეს, თუმცა მოლაპარაკებებში ჩინეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ.

მიმდინარე წლის სექტემბერში პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთს საკუთარი ბირთვული იარაღის არსენალის მინიმუმ გაორმაგება სურს.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტი (NEW START) უნდა მოიცავდეს “ახალ სისტემებს, როგორიცაა ბირთვული ენერგიით აღჭურვილი შეიარაღება, წყალქვეშა სისტემა, დრონი ბირთვული შეიარაღებით, სახელად “პოსეიდონი”, ბირთვული საკრუიზო რაკეტა, საჰაერო ბალისტიკური რაკეტა და ამგვარი შეიარაღება”.

გასული წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ. აშშ-მ შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც. პუტინი დაიმუქრა, რომ, თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნის, რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი მუშაობდა აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას მცირე დროში გახდის შესაძლებელს.

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2020 19:45