ლაშა ჟვანიას განცხადებით, მამა მიქაელ ბოტკოველს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პატრიარქთან არ შეუთანხმებია

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, პატრიარქის პრესმდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, ამ დრომდე არაა შეთანხმებული პატრიარქთან.

ლაშა ჟვანია ფიქრობს, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა ემოციური გადაწყვეტილება მიიღო.

„12 თებერვლის შემდეგ, მოსვენება არ გვაქვს არც ერთ ადამიანს, ვინც უწმინდესობის გვერდით ვმუშაობთ უკვე წლებია და ვართ ეკლესიის სასიკეთოდ მოწოდებული. ეს არის ყველაზე დიდი წნეხი, რომელიც უფრო მეტად მოდიოდა მამა მიქაელ ბოტკოველზე. ვფიქრობ, რომ ეს იყო ემოციური გადაწყვეტილება და არა დაფიქრებული. მე ღრმად მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ როდესაც მამა მიქაელ ბოტკოველი ამის შესახებ მოახსენებს უწმინდესს, ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მისი უწმინდესობის მიერ“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

დღეს, მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა სიცრუში დაადანაშაულა, რადგანაც მამა მიქაელმა დღეს განაცხადა, რომ გერმანიიდან პატრიარქის დაბრუნების შემდეგ, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ გამოჩენილა.

საპატრიარქოს პრესმდივნის აღნიშნული განცხადება თავად ოხანაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თავად მამა მიქაელ ბოტკოველმა კი, აღნიშნული განცხადებების შემდეგ, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

banner
წინა სტატიაშირატომ ამოჭრეს პატრიარქის ვიდეო მიმართვიდან ფრაზა, რას გულისხმობდა პატრიარქი და ვინ ესწრებოდა სრული ვერსიის ჩაწერას-მეუფე დიმიტრი
შემდეგი სტატია„თაიმერი“ უსამძიმრებს მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო