“ლარის საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით”

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ინვესტიციების პლაცდარმი გახდეს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდება, საშუალოვადიან პერიოდში კი მინისტრი საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ელის.

გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში მინისტრი აცხადებს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები.

“მე მინდა გითხრათ, რომ კურსის მკვეთრ ცვლილებას დევალვაციის კუთხით არ ველოდებით. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეიმჩნევა. უკვე იმედი გვაქვს, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ნამდვილად ასე იქნება და ლარი აუცილებლად გამყარდება”, – აცხადებს ხადური.

ფინანსთა მინისტრი კურსის ცვალებადობას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს.

“გაცვლითი კურსის ცვალებადობა, პრაქტიკულად, სრულად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული. ხედავთ, თუ რა რთული ეკონომიკური მდგომარეობაა ჩვენ გარშემო. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი უძლურნი აღმოჩნდნენ გაცვლითი კურსის ცვალებადობის წინააღმდეგ. ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით მდგომარეობა შედარებით დაბალანსებულია, მაგრამ შემცირებულია გზავნილები, რუსეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან. შედარებით ნაკლები თანხა გადმოირიცხა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საექსპორტო საქონელზე შეგვიმცირდა ფასი და ეს გარკვეულ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე”, – აღნიშნა გამოცემასთან საუბრისას ფინანსთა მინისტრმა

banner
წინა სტატიაში“ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი”
შემდეგი სტატიაქართველი მოჭიდავეების დოპინგტესტის საბოლოო პასუხები დღეს გახდება ცნობილი