ქართველი მოჭიდავეების დოპინგტესტის საბოლოო პასუხები დღეს გახდება ცნობილი

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლის მალხაზ ჯორბენაძის განცხადებით, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების 6 წევრს, დოპინგის გამოყენება საბოლოოდ ჯერ არ დადგენიათ და პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

როგორც ჯორბენაძემ “პირWელს” განუცხადა, ტესტის საბოლოო პასუხების მიღების შემდეგ, ფედერაციას და სადისციპლინო კომისიას 48 საათი აქვს სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, სპორტსმენებს ორგანიზმში პირველადი მონაცემებით, აკრძალული პრეპარატი “მილდრონატი” აღმოაჩნდათ, თუმცა ისინი პრეპარატის მიღებას არ ადასტურებენ.

მისი განმარტებით, სანქცია გარკვეული პერიოდით (6 თვიდან 4 წლამდე) დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. მალხაზ ჯორბენაძე განმარტავს, რომ თუ მოჭიდავეებზე სანქციები გავრცელდება, ეს ნაკრებს არ დააზარალებს, რადგან ისინი ძირითადად “მეორე ნომრები” არიან, და არცერთი მათგანი ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეთა ძირითად რიგებში არ მოიაზრება.

არსებული ინფორმაციით, აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ეჭვმიტანილთა შორის უმეტესობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია.

banner
წინა სტატიაში“ლარის საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით”
შემდეგი სტატიაკოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას მერია გაუწევს