“ლარის გაუფასურება ხელისუფლების შეცდომებისა და არაკომპეტენტურობის ბრალია” – რომან გოცირიძე

“როდესაც ერთსა და იმავე დროს, წლების განმავლობაში, მეორდება ერთი და იგივე მოვლენა და ამის თავიდან აცილება ვერ ხერხდება, ამაში პირდაპირ არის დამნაშავე საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი” – აცხადებს “თაიმერთან” საუბარში საპარლამენტო ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე. პოლიტიკოსის თქმით, ის “ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აფრთხილებდა ხელისუფლებას. არ ისმინეს, როგორც ყოველთვის”.
“როდესაც ტურიზმი პიკზეა, ექსპორტი იზრდება, უცხოეთიდან ჩვენი ნატანჯი ემიგრანტები უფრო მეტ ფულს აგზავნიან, მაგრამ ლარი მაინც უფასურდება, ეს ხელისუფლების შეცდომებისა და არაკომპეტენტურობის ბრალია.
კვლავ ხდება მათი შეცდომების სხვებზე გადაბრალება – ამოიღეს ნაფტალინიდან უკვე მივიწყებული ე. წ. საგარეო ფაქტორების ცნება. სისულელეა იმის თქმა, რომ ლარი თურქული ლირის დევალვაციამ გააუფასურა.
თეორიულად, სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება იწვევს ამ ქვეყანაში საქონლის გაიაფებას, შესაბამისად ამ ქვეყნიდან იმპორტის ზრდას და ჩვენი ქვეყნიდან ვალუტის გადინებას. ასეც რომ იყოს, იმპორტის მატებას სჭირდება თვეები( დიდი ალბათობით ეს არ მოხდება) და თურქული ვალუტის გაუფასურებას არავითარი მყისიერი კავშირი არა აქვს ლარის კურსის ახლანდელ ვარდნასთან. თურქული ლირა მთელი წელი უფასურდებოდა, მაშინ როცა მთელი ამ დროის განმავლობაში ლარი პირიქით, მყარდებოდა და ეროვნული ბანკი რამდენჯერმე ჩაერია ბოლო თვეებში( შეისყიდა დოლარი), რომ ხელი შეეშალა ლარის კიდევ უფრო გამყარებისთვის.
ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა და ეროვნული ბანკი ატარებდა( ძირითადად, მთავრობის ზეწოლით), განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არის ლარის ტრადიციული გაუფასურების მიზეზი და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.
ამის თავიდან აცილება შეიძლება. ჯერ კიდევ არ არის გვიან” – ამბობს რომან გოცირიძე, რომელიც “თაიმერს” ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებზე მოგვიანებით საუბარს დაპირდა.

banner
წინა სტატიაშივაჟა-ფშაველას გამზირზე მაღაზია ბიუ ბიუ დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიარუმინელი ემიგრანტების მასშტაბური პროტესტი ბუქარესტში