კრემლი: საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება

,,საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს”, – ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთი საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარე გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ძალისხმევა კონცენტრირებული იყოს სამხრეთ კავკასიაში მყარი და სანდო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რუსეთი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ამ სტრატეგიული ამოცანის მიღწევა შეუძლებელია, ერთი მხრივ თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმების გარეშე. სწორედ ეს პრაქტიკული ზომა შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ზოგადად, რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო სიტუაციის შექმნაში. ასეთი დოკუმენტის იმპერატიულობა ნაკარნახევია აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით, მათ შორის საქართველოს ნატო-ში ფორსირებული წესით გაწევრიანების გეგმით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ „სიტუაციის კიდევ უფრო განმუხტვას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტიაცია-დემარკაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას“. მოსკოვში განაცხადეს, რომ „მათ ასევე მიაქციეს ყურადღება, რომ თბილისში ანტირუსული რიტორიკა გრძელდება“.

„ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული ატმოსფეროს ფორმირებას, არამედ ბლოკავს ზოგიერთ მიმართულებას, უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული ჯგუფის სრულად ფუნქციონირებას. საქმე ეხება კონკრეტულად საქართველო მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოტანილ პოლიტიზებულ რეზოლუციას დროებით იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ, რაც იმ პირობებში ხდება, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვალავაც არ აქვთ საშუალება, წარმოადგინონ ნიუ იორკში საკუთარი მოსაზრება ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი ივნისის ბოლოს გაიმართება.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშივახტანგ კალოიანი: კორონავირუსზე ვაქცინის გაკეთება, სავარაუდოდ, წელიწადში ერთხელ მოგვიწევს
შემდეგი სტატიამიხაელ გალერი: ეს ადამიანები არიან ციხეში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ამის დაძლევაა საჭირო