,,კორუფციის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯების შედეგები რევოლუციის ტოლფასია”

news
ავტ.: news მაისი 12, 2016 20:35

,,კორუფციის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯების შედეგები რევოლუციის ტოლფასია”

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს მიერ, კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, შესაძლოა, რევოლუციური ვერ ვუწოდოთ, მაგრამ შედეგები მართლაც რევოლუციის ტოლფასია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტის თემატურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სხვა სტატიები

საქართველოს მიერ, კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, შესაძლოა, რევოლუციური ვერ ვუწოდოთ, მაგრამ შედეგები მართლაც რევოლუციის ტოლფასია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტის თემატურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სამიტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამჭვირვალობა, აღსრულება და ცვლილებები კულტურაში, არის სამი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რომელთაც ასაზრდოებს პოლიტიკური ნება და ტექნოლოგიები და სწორედ ეს ამოძრავებს ანტიკორუფციულ მანქანას.
„ჩვენ შევქმენით ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე იუსტიციის სახლების ეროვნული ქსელი 20-ზე მეტ ქალაქში და სათემო ცენტრები 30-ზე მეტ მსხვილ სოფელში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც უზრუნველყოფენ ფიზიკურ პირებს ყველა სახის მომსახურებით. დღეს კი, ჩვენი რეფორმის ახალი ინიციატივის ფარგლებში, ვაფართოებთ ამ მოდელს, რათა მან დააკმაყოფილოს იურიდიული პირების ნებისმიერი საჭიროება, ანუ ერთ შენობაში, ერთი ფანჯრის პრინციპით მიაწოდოს მათ ყველა სახის მომსახურება, რომელიც იურიდიულ პირს შეიძლება ოდესმე დასჭირდეს ნებისმიერი სამთავრობო უწყებისგან. ეს კიდევ უფრო ამცირებს კორუფციის შესაძლებლობას, რომელიც ისედაც ძალიან დაბალია საქართველოში. ჩვენ დავნერგეთ სახელმწიფო შესყიდვების ყოვლისმომცველი ონლაინ-სისტემა. ამ ინიციატივამ მნიშვნელოვნად შეცვალა შესაბამისი პრაქტიკა საქართველოში. ჩვენ შევიმუშავეთ სახელმწიფო ხაზინისა და ბიუჯეტის ელექტრონული მომსახურების პროგრამები და მივიღეთ კანონები კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩამდენთა ეფექტიანად გასასამართლებლად. რასაკვირველია, უნდა აღვნიშნო პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გაუმჯობესებაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა უდიდესი გავლენა მოახდინა საქართველოზე.
პრაქტიკული პარტნიორობის მიმართულებით, გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მნიშვნელოვან ინიციატივას ეფექტიანი მმართველობის ფონდის ფარგლებში, რომლის შედეგად, გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მჭიდროდ თანამშრომლობენ.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად, რომელიც საქართველოში ახლახან განხორციელდა, პრემიერმა მაღალი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული შემოწმება დაასახელა.
„ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილება საგრძნობ გავლენას მოახდენს ჩვენს ანტიკორუფციულ საქმიანობაზე. საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ მაღალი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული ინსპექცია. კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიღებული იქნება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის ზომები. ორიოდე სიტყვით, აქტივების/ქონების დაბრუნების შესახებ: კომუნიკეში, რომლის მიღებასაც ჩვენ დღეს ვგეგმავთ, აღნიშნულია, რომ „ჩვენ ვითანამშრომლებთ საზღვრებს შორის კონფისკაციის შესახებ ბრძანებათა შესრულების უზრუნველსაყოფად, ისეთი ბრძანებების ჩათვლით, რომლებიც არ ეფუძნება გამამტყუნებელ სასამართლო განაჩენს“. საქართველოში უკვე დაინერგა საკანონმდებლო ინიციატივა კონფისკაციის შესახებ ბრძანებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ეფუძნება გამამტყუნებელ განაჩენს. დღეს პროკურორს აქვს უფლება, სასამართლოში შეიტანოს საჩივარი მოქმედი ან ყოფილი საჯარო მოხელის, ასევე მისი ახლო ნათესავების წინააღმდეგ და სასამართლოსგან მოითხოვოს დაცვის მხარის „არაკანონიერად მოპოვებული“ ან „დაუსაბუთებელი“ ქონების კონფისკაცია, რომელიც აღმოჩენილია საჯარო სამსახურის ბიურო მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ინსპექციის შედეგად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამოეხმაურა სამიტის ერთ-ერთი სესიის დისკუსიას, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შონ ჰეიგანმა გაიხსენა 1991 წლის საქართველო – სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყანა, რომელსაც შეიარაღებული დაჯგუფებები ანადგურებდნენ.
„დღეს კი ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ, მაგალითად, მსოფლიო სამართლის პროექტის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის ღია მმართველობის ინდექსის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის ღია მმართველობის კატეგორიაში. TRACE International-ის ბიზნესისთვის ქრთამთან დაკავშირებული რისკების ინდექსის თანახმად, საქართველო არის მე-11 ადგილზე 197 ქვეყანას შორის, ხოლო გლობალური კორუფციის ბარომეტრის გამოკითხვის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 4 პროცენტზე ნაკლები აცხადებს, რომ ოდესმე მიუცია ქრთამი. ეს კი ღირსშესანიშნავი შედეგებია. რასაკვირველია, დამოუკიდებლად ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს არსებით შედეგებს. შედეგები მიიღწევა მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის გზით. რაც მეტი ქვეყანა დანერგავს გამჭვირვალობის გაუმჯობესებულ სტანდარტებს, მით უფრო საგრძნობი იქნება შედეგები მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news მაისი 12, 2016 20:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,622
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics