ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ქართულ საგამოძიებო ჯგუფში ერთვება

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ ფლავიენ მბატას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემქნილ საგამოძიებო ჯგუფში, ცენტრალური აფრიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის ჩართვა იყო.

საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვნებზე უცხოელი სამხედროების შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებს იძიებს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შესაბამისი კანდიდატურა უკვე შერჩეულია და ქართულ მხარე მის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწვდის. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ საგამოძიებო ჯგუფი საქართველოდან ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრება.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ივნისის დასაწყისში ის ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართავს შეხვედრებს და მისთვის მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის პირველადი შედეგების შესახებ გაეროს ინფორმაცია მიაწოდოს.

უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალურ აფრიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს გააკეთა. რის შემდეგაც, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 9 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.

ჯგუფში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, სამედიცინო დეპარტამენტის, ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტი შედიან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოძიების პროცესში დამხარება სთხოვა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს , გაეროს ცენტრალურ ოფისსა და ცენტრალურ აფრიკაში გაეროს წარმომადგენლობას. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციას “ექიმები საზღვრებს გარეშე“ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის სამინისტროებს და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პროკურატურას.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მაისის ბოლოს გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაში,,კორუფციის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯების შედეგები რევოლუციის ტოლფასია”
შემდეგი სტატიასაქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოეწერება ხელი