კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს 20 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევის დადგენის შემდეგ ცნობილი გახდა, რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი საქართველოს მოქალაქეს. ის იტალიიდან 4 მარტს დაბრუნდა და ამ დრომდე სპეციალისტებმა 20 კონტაქტი დაადგინეს, მათ შორის 15 თვითმფრინავში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ან ადამიანების ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

„პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან კვირას დაბრუნდა, თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა. მან გუშინ თავად მიმართა საავადმყოფოს, რამდენჯერმე განმეორდა ტესტი და დაფიქსირდა პოზიტიური შედეგი. წინა 3 შემთხვევასთან შედარებით, მეოთხე პაციენტი უფრო საყურადღებოა. მიმდინარეობს მუშაობა კონტაქტების დადგენით მიზნით, დღეის მდგომარეობით მოძიებული გვაქვს 20 კონტაქტი, მათ შორის 15, თვითმფრინავში. მიმდინარეობს ამ ადამიანების ეპიდკვლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, 162 ადამიანი რჩება კარანტინში. 31 სამედიცინო დაწესებულებებში, მათგან 23 თბილისში, ინფექციურში, დანარჩენი ბათუმსა და ქუთაისში.

„ლუგარის ლაბორატორიაში აღებულია 8 სინჯი. გუშინ ამავე ლაბორატორიაში 31 სინჯი შევიდა სულ და როგორც გითხარით, ახალი შემთხვევა დადასტურდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით მაღალ რისკს წარმოადგენს იტალიასთან მიმოსვლა.

„მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იტალიიდან ბრუნდებიან, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა; რომ არ დაიმალოს სიმპტომები; ყველა მათგანი ექვემდებარება ინფექციურში გადაყვანას, თუ მათ საეჭვო სიმპტომები დაუდასტურდათ. ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი; შესაძლებელია, იყოს კიდევ ყელის და თავის ტკივილი, რაც ზოგადად რესპირაციული ინფექციის სიმპტომებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისოფელ ბერშუეთთან ოკუპანტებმა ქალბატონი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობამ ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოიყვანა და ისინი საკარანტინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი