(video) გიორგი მარგველაშვილი:კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა ქვეყნისთვის საზიანო იქნება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2016 22:48

(video) გიორგი მარგველაშვილი:კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა ქვეყნისთვის საზიანო იქნება

margvelashvili2საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ამბობს, რომ კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა ქვეყნისთვის საზიანო იქნება. მეტიც, მას მიაჩნია, რომ კორცხელის ინციდენტი არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ან პირების მიმართ იყო მიმართული, არამედ ქვეყნის და მისი დემოკრატიულად განვითარების წინააღმდეგ.

“მაშინვე, როცა მოხდა ეს ინციდენტი, ვთქვი, რომ ეს უბრალოდ კრიმინალი არ არის. როცა საარჩევნო დღეს ასეთი მასიური ძალადობა ხდება, ეს არ არის კონკრეტული კრიმინალი. კონკრეტული კრიმინალი არის, როცა მე თქვენ რაღაცა ზიანს მოგაყენებთ. ეს არის კრიმინალი საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე, რადგან არჩევნები ეკუთვნის სახელმწიფოს და საზოგადოებას. როცა არჩევნების დღეს გგონია, რომ შენ სიტუაციას გადატეხავ, ან რაღაც პროცესებზე შენი მუშტი-კრივი ზეგავლენას იქონიებს, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯი. პოლიტიკოსი იქ მესამე რიგის დაზარალებულია, იქ პირველ რიგში ჩვენს სახელმწიფოს, საზოგადოებას, ჩვენს დემოკრატიულობას შეეხნენ” – თქვა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კორცხელის ინციდენტის შემდეგ, “ძალიან სწორი განცხადებები გაკეთდა”, თუმცა, ეფექტური გამოძიება არავის უნახავს.

“ვნახეთ ის, რისკენაც ყველამ მოვუწოდეთ? მომავალი არჩევნების ასეთი დარეკლამებისთვის ვინმემ საკადრისი პასუხი მიიღო? არა. ჩვენ ვნახეთ ის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ, საზოგადოების, არჩევნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი ასე დარჩა. არ ვიცი, რომელი უწყება იძიებს ამ ყველაფერს, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ძალიან მძიმე ვერდიქტი დაგვიბრუნა ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე. რატომ? იმიტომ, რომ ამ საქმეს სჭირდებოდა გამოძიება და ამის მაგივრად, ხატოვანი გამონათქვამები მივიღეთ. ამ თემაზეც რომ ვთქვი, გამოძიებაა საჭირო მეთქი, თქვეს, როგორ შეიძლება, უნდა მივაფუჩეჩოთო. მივაფუჩეჩეთ საქმე? სახელმწიფოს დაუჯდა ძალიან მძიმედ. კორცხელზე სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გავაკეთე განცხადება – რატომ არ ხდება ამ საქმის ეფექტური გამოძიება. აქ არ არის სტრაბსურგზე ლაპარაკი მარტო, არ არის ერთ დაზარალებულ პოლიტიკოსზე საუბარი, აქ არის საუბარი ქვეყნის ეგზისტენციალურ, სუბსტანციურ ინტერესებზე, რაც არის დემოკრატია და არჩევნები. ეს არ არის უბრალოდ, რომ რაღაც საქმე არ გამოიძიეს და ბევრი საქმეა თაროზე შემოდებული. ამ საქმის გამოუძიებლობა კონკრეტულ მესიჯს აძლევს პოლიტიკაში არსებულ მოძველბიჭო ელემენტებს. ამ საქმეს თუ არ გამოვიძიებთ, მწვანე შუქს ვაძლევთ ყველას პოლიტიკურ ძალაში ასეთი ელემენტების გაძლიერებას” – თქვა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებითვე, რომელ პოლიტიკურ ძალას ეკუთვნოდნენ კონკრეტული თავდამსხმელები – გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

“თუმცა, ამდენი ვიდეო არ არის გადაღებული არაფერზე, რამდენიც კორცხელის ინციდენტზეა. გამოძიებამ დაადგინოს ეს. მე სხვა რამეს გეუბნებით. ამის გამოუძიებლობას შეიძლება მხოლოდ სახელისუფლო სტრუქტურებში მოჰყვეს შედეგი? ამას ყველა პოლიტიკურ პარტიაში კასკადური ეფექტი ექნება, იმიტომ რომ ყველა იფიქრებს – აა, ანუ ასეთია თამაშის წესები… და საით მიგვყავს ქვეყანა? ეს არჩევნები უნდა იყოს კონკურენციის, შეხედულებების, დაპირებების, პროგრამების, ანალიზის… ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ამ ფონზე ძალიან მძიმედ ჩანს ამ ინციდენტის გამოუძიებლობა. ამ პასიურობით სერიოზული ზიანი მიადგება ჩვენს ევროპულ მომავალს” – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

https://youtu.be/YuEwG-xAiKA

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2016 22:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics