კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული მუხლი კორექტირებული იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს წინადადება იმ ფორმულირებით არ იქნება გაზიარებული, რომელიც მათ წარმოადგინეს.

როგორც ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ განუცხადა, საკითხზე კონსულტაციები მმართველ გუნდსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

“კონკრეტულ დეტალებზე პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს. საბოლოო ჯამში, ისეთ მუხლს მივიღებთ, როდესაც არც ერთი ინტერესი – არც სახელმწიფო და არც ადამიანის უფლებები არ ზიანდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატის ცნობით, კონსტიტუციაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მუხლი კორექტირებას განიცდის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაიმართება, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

იუსტიციის სამინისტრო კონსტიტუციის მე-18 მუხლის კორექტირებას ითხოვს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ეხება. კერძოდ, საუბარია კონსტიტუციაში კონფიდენციალური ინფორმაციის ჩანაწერის გაკეთებაზე.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება” – ნარმანია
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა