,,კონკურსის შედეგად მოსამართლეების დანიშვნა სასამართლოს შვებას მისცემს”

საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა სიმცირე რეფორმის პრობლემაა, თუმცა კონკურსის შედეგად მოსამართლეების დანიშვნა შვებას მისცემს სასამართლოს, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, საქალაქო სასამართლოში ერთ მოსამართლეზე ასობით საქმე მოდის და ამ პირობებში საქალაქო სასამართლოს 20-ზე მეტი მოსამართლე დააკლდა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, 2005 წლის შემდეგ განსაკუთრებული პრობლემა წარმოიშვა მოსამართლეთა შემცირების კუთხით.
“ამას დაემატა ისიც, რომ საქმეების რაოდენობამ იმატა და გაორმაგდა. ასევე მოუწია ის ეტაპი, რომ ბევრ მოსამართლეს, მათ შორის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ამოეწურა და შეუწყდა უფლებამოსილება. არსებული საქმეები კი სასამართლო სისტემაში მომუშავე სხვა მოსამართლეებზე გადანაწილდა, ამიტომ არის რომ საერთო სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული არის კონკურსი. რაღაც ნაწილი დაინიშნება მოსამართლეებად და განწესდება სასამართლოებში. ამით სასამართლოს ექნება გარკვეული შვება, რაც გონივრული რაოდენობის საქმეთა გადანაწილებას უზრუნველყოფს მოსამართლეთა მიმართ”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მისი თქმით, მოსამართლეთა რიცხვის სიმცირე სისტემაში რეფორმის პრობლემაა, რომელმაც უნდა გაზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა, რათა იყოს გონივრული შესაძლებობა საქმეთა ხარისხიანი და დროული განხილვების კუთხით.
აღნიშნული განცხადება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში გააკეთა, სადაც კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ორგანიზებულ ფორუმს ესწრება.

banner
წინა სტატიაშიNDI-ს გამოკითხულთა 57% ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასაქმებას მიიჩნევს
შემდეგი სტატიაNDI: გამოკითხულ მოქალაქეთა 41% ამბობს, რომ მღვდლისა და მრევლის პოლიტიკური შეხედულებები მნიშვნელოვანია