კობახიძე – სრული სიცრუეა, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოლიტპატიმრებად იყვნენ მოხსენიებული სააკაშვილი, მელია და რურუა, საკუთარი პარტიების გარდა, მათ პოლიტპატიმრებად არავინ მოიხსენიებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრული სიცრუეა, თითქოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სააკაშვილი, მელია და რურუა პოლიტპატიმრებად იყვნენ მოხსენიებული.

კობახიძის თქმით, ამ ადამიანებს საკუთარი პარტიები მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, რაც აბსოლუტურად განსხვავებული რამაა.

„წლიდან წლამდე მეტ-ნაკლებად არ იცვლება ანგარიშის საერთო შინააარსი. რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, გუშინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს ფეიკი, თითქოს პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული როგორც სააკაშვილი, ასევე მელია და რურუა, რაც არის სრული სიცრუე. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანებს საკუთარი პარტიები მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, რაც არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ. ეს იგივეა, ანგარიშში ჩაიწეროს, რომ ვიღაცამ კაცი მოკლა და დედამისი ამბობს, რომ ჩემი ბიჭი უდანაშაულოაო. დაახლოებით ასეთი რამაა ჩაწერილი ამ ანგარიშში, რატომ იყო საჭირო ამ ანგარიშში ამის ჩაწერა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩაწერილია, მაგრამ ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად არავინ მოიხსენიებს, საკუთარი პარტიების გარდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ მოხვდა ანგარიშში სააკაშვილის საქმე, – კობახიძე პასუხობს, რომ ალბათ, ჰუმანური იქნებოდა, სააკაშვილი განებაჟებინათ არაჟნებთან ერთად და უკან გაეშვათ, მაგრამ სახელმწიფომ იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა.

„სააკაშვილი ალბათ არ უნდა დაგვეჭირა. ალბათ უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ალბათ ჰუმანური ეს იქნებოდა, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, სახელმწიფომ იმოქმედა როგორც სისტემამ, როგორც უნდა ემოქმედა. ეს პირი იქნა დაკავებული, როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ჩვენთვისაც არ არის მაინცდამაინც მისაღები „ომის პარტიასთან“ ერთად ვიზიტი, მოცემულობა შეცვლილია, ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ მცირე 20 ჟურნალისტი დაიღუპა