კობახიძე – მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დესტრუქცია, შიმშილობა, დაასვენოს ქვეყანა

როდესაც საუბრობენ რაღაც გამოგონილ, კურსის ცვლილებაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მოვუწოდებ, შეწყვიტონ სპეკულაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა პროდასავლურ კურსს საფრთხე, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც დასავლელ პარტნიორებს ლანძღავდნენ.

„ესენი არიან ადამიანები, რომელთა ლიდერები პირდაპირ ლანძღავდნენ არამარტო კონკრეტულ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, არამედ ინსტიტუტებსაც, მიხეილ სააკაშვილის თამადობით. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის განცხადებები, მელიას განცხადებები, გვარამიას განცხადებები და ასე შემდეგ. როდესაც ისინი საუბრობენ რაღაც გამოგონილ კურსის ცვლილებაზე, ეს რა თქმა უნდა არის ცარიელი სპეკულაცია და მოვუწოდებ მათ, რომ შეწყვიტონ ასეთი სპეკულაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რას უკავშირდება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აქციებს დღეს და ხვალ არ მართავენ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკაში წარმატებას ხალხის მხარდაჭერა სჭირდება.

„პოლიტიკაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რამ, საარჩევნო წარმატებასაც და ქუჩაში წარმატებასაც. ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და ამას ახლა თვითონაც ხედავენ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის მუხტი ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ სათანადო მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ სათანადო მუხტი ქუჩაში და აქედან გამომდინარე გადადიან რადიკალურ ნაბიჯებზე. მოვუწოდებ მათ, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს, პრაქტიკულად მიწევს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების გამეორება, რომელსაც ის არ ასრულებს უკვე კვირაზე მეტია, თუ არ ვცდები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა, დაასვენოს ეს ქვეყანა, თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ ექვსი წელი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიწითლიძე – ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს და აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას
შემდეგი სტატიაკობახიძე: სახალხო დამცველთან მოქმედი მედიკოსების ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია