კობა გვენეტაძე – ჩემი მითითებით „თიბისი ბანკიდან“ არავის დათხოვნა არ ხდება, ეს არასერიოზული და არასწორი ინფორმაციაა

ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და არასწორი ინფორმაცია, ჩემი მითითებით „თიბისი ბანკიდან“ არანაირი ხალხის დათხოვნა არ ხდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, ხდება თუ არა მისი მითითებით კონკრეტული პირების გათავისუფლების მოთხოვნის გაგზავნა ბანკში.

ამასთან, გვენეტაძემ განმარტა, რომ „თიბისი ბანკის“ შემოწმების საფუძველი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეტყობინება იყო ეროვნული ბანკისადმი, რომ ობშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ არ გააკეთა რეპორტინგი, რომელიც უნდა გაეკეთებინა.

„რაც შეეხება კითხვას, სხვა ბანკებთან არის თუ არა ასეთი საკითხები, ფულის გათეთრება – სხვა ბანკთან ასეთი საკითხი არ არის, ყოველ შემთხვევაში, ამ წუთში“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, რომელიც პროკურატურასთან და პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას ეხებოდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საქმიანი ურთიერთობის გარდა, მას პროკურატურასთან სხვა კომუნიკაცია არ ჰქონია.

„გარდა იმისა, რომ საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ეროვნულ ბანკს და პროკურატურას აქვს, სხვა ურთიერთობა მე არ მქონია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, პროკურატურის საკითხია, რატომ დაიწყო გამოძიება და ეს ეროვნული ბანკის იურისდიქციას არ განეკუთვნება.

„ეროვნულ ბანკის ფუნქცია, ფულის გათეთრების საკითხებთან დაკავშირებით არის, რომ ჩვენ შევამოწმოთ შესაბამისობა უკანონო შემოსავლების რეალიზაციის კანონთან ჩვენს მიერ რეგულირებადი სუბიექტებისა, ანუ არღვევენ ისინი კანონს თუ არა. ამის შემდეგ, მოხდა თუ არა ფულის გათეთრება, ჩვენ ამის არც მანდატი და არც კომპეტენცია არ გვაქვს, ეს არ გვევალება, სხვა ორგანოს ფუნქციაა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში მოხსენება საბანკო რეგულაციებთან და „თიბისი ბანკის“ საზედამხედველო ღონისძიებებთან დაკავშირებით წარადგინა. მოხსენების შემდეგ კობა გვენეტაძეს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის” საქმის გამოძიება სადაო კვალიფკაციით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიანატო საქართველოსა და უკრაინაში უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის გაზრდაზე შეთანხმდა