„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ინიციატივით, ბიზნესასოციაციებთან შეხვედრა გაიმართა

„ექსპო-ჯორჯიას“ პავილიონში „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ინიციატივით გაიმართა შეხვედრა „თანაბარი შესაძლებლობები ყველას!“ – ამ ფორმატის პირველი შეხვედრაა, რომელსაც ესწრებოდნენ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წევრი ორგანიზაციები, ასევე საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციები, კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა და მათი წევრი კომპანიები. შეხვედრის მოდერატორი იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრით საფუძველი ჩაეყარა ღია დიალოგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რითაც მხარეებს საშუალება მიეცათ პირდაპირ ესაუბრონ ერთმანეთს საკუთარ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე მოხდა იმ კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აქტუალურია როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ისე ბიზნესსექტორისათვის, სერვისების მიწოდებისა და დასაქმების სფეროებში.

ღონისძიებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი. მასში გაერთიანდება როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, ასევე, ჯგუფის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის პარტია ხონის რაიონული ორგანიზაცია ოცდაათამდე წევრმა დატოვა
შემდეგი სტატიაორი ფოტო, რომელიც ობამასა და ტრამს შორის განსხვავებას ზუსტად აღწერს