“კიტრივით რომ მოგაქვს თავი… თქვენს ნაბოდვარზე მერს არ გადავაყენებთ” – დაპირისპირება საკრებულოში

news
ავტ.: news ნოემბერი 20, 2015 17:28

“კიტრივით რომ მოგაქვს თავი… თქვენს ნაბოდვარზე მერს არ გადავაყენებთ” – დაპირისპირება საკრებულოში

საკრებულოში, სადაც თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობდნენ დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერის იმპიჩმენტზე საუბრობდნენ, რასაც უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.

ირაკლი აბესაძის თქმით, დავით ნარმანიას გადაყენებასთან დაკავშირებით პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს.

„მოვითხოვეთ ნარმანიას გადადგომა იმ მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, რომელიც თბილისშია. ასევე იმ კორუფციის და ნეპოტიზმის გამო, რომლითაც ის იყო დაკავებული“, – განაცხადა აბესაძემ.

საკრებულოს უმრავლესობაში დავით ნარმანიას გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

„კიტრივით რომ მოგაქვს თავი და თავი იურისტი რომ გგონია, კანონი წაიკითხე. რაც შეეხება იმპიჩმენტს, რაკი შენ იტყვი… თუ ეს თქვენი ოცნებაა, მაგისთვის პროცედურებია საჭირო. თქვენ გამოხვედით და თქვით, რომ ნარმანია გადადგესო და მეტი საქმე არ გვაქვს თქვენს ნაბოდვარზე მერი გადავაყენოთ“, – მიმართა აბესაძეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნუგზარ მალაღურიძემ.

რაც შეეხება ბიუჯეტს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მთავარი საფინანსო ბიუჯეტი შენიშვნებით მერიას დაუბრუნდა.

news
ავტ.: news ნოემბერი 20, 2015 17:28