იუსტიციის მინისტრმა ლენტეხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა ლენტეხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა ლენტეხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა20 ნოემბერს დაბა ლენტეხში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით ოცდამეშვიდე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და რეჟისორი თეიმურაზ ბაბლუანი, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი; სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა მთიან რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მთავრობის მიზანია, რომ თქვენ გქონდეთ იგივე კომფორტი და ხარისხიანი მომსახურება, რომელიც აქვთ იმ ადამიანებს, ვინც დიდ ქალაქებში ცხოვრობს. სხვანაირად არ არსებობს განვითარებული ქვეყანა და სახელმწიფო“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ლენტეხელებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა და რეჟისორმა თემურ ბაბლუანმაც მიულოცეს.
სოზარ სუბარის თქმით, „ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თითოეული ლენტეხელის ცხოვრება გახდეს უფრო ადვილი. იმ სერვისის მისაღებად, რომელზეც ადრე შესაძლოა, მთელი დღე დაგჭირვებოდათ, 15 წუთი საკმარისი იქნება“.
ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებნი საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ. ცენტრი ლენტეხსა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ მოემსახურება. შენობა აღჭურვილია უფასო ინტერნეტით, კომპიუტერებითა და ვიდეოკონფერენციის აპარატურით. აქვეა განთავსებული საკონფერენციო დარბაზები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა შეეძლებათ არასამთავრობო სექტორთან, ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან, ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ლენტეხის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა საქართველოში უკვე მოქმედი 26 საზოგადოებრივი ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყალი/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანებისა და კაბლის მოსახლეობას.

banner
წინა სტატიაში“კიტრივით რომ მოგაქვს თავი… თქვენს ნაბოდვარზე მერს არ გადავაყენებთ” – დაპირისპირება საკრებულოში
შემდეგი სტატიარუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებაზე იმუშაოს