ხვიჩია – “ქოცების” და “ნაცების” მაიმუნობას და ვაჭრობას ვერ ავყვები, ამ ყველაფერმა დამღალა

მირჩევნია, საკუთარ თავზე ვიზრუნო, ჩემს ამომრჩევლებს ველაპარაკო და ვიზრუნო, ნებისმიერი საარჩევნო ბარიერი გადავლახო, ვიდრე აქ ამათ “ვეჯღანაო” – “ქოცებისა” და “ნაცების” მაიმუნობას და ვაჭრობას ვერ ავყვები, ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა, – ასე ეხმაურება პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის” ხელმძღვანელი იაგო ხვიჩია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში 2%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე გაზრდას არ გამორიცხავს.

ამასთან, როგორც ხვიჩია აღნიშნავს, მხარს ისეთ ბარიერს არ დაუჭერს, რამდენი ხმა და პროცენტიც “გირჩს” არ აუღია.

“ამის მორალური უფლება არ მაქვს. ეს “ქართული ოცნების” ყველა წევრმა იცის. 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიამ გაიხსენა ისიც, რიმ თავის დროზე “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პროპორციული არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარების პირობით გამოვიდა, რა პირობაც “ქართულმა ოცნებამ” დაარღვია.

“თუ რამე ნორმალური სიტყვა უთქვამს “ქართულ ოცნებას”, სწორედ ეს სიტყვა იყო, რისი გატეხვაც საკუთარი თავის უპატივცემულობაა. დავრწმუნდი, პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში საკუთარი თავისა და სიტყვის უპატივცემულობა არაფრად მიაჩნიათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამათ სიტყვაზე და პატივისცემაზე დამოკიდებული არ ვიყოთ და ნებისმიერი ბარიერის დასაძლევად ვიბრძოლოთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაბოკერია – როცა მთავრობა ხარ და შენთან დაკავშირებულ ჯგუფებს წარმოაჩენ ვითომ ნეიტრალურად, ეს არის პრობლემა