,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კონფლიქტით და ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. სახელმწიფო მინისტრი ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.
“25 წელი გავიდა იმ კონფლიქტიდან, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი მოიტანა. ამ კონფლიქტმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს ამ მემორიალთან იმ გმირების ხსოვნას მინდა პატივი მივაგო, ვინც ამ ომს შეეწირა. მათ თავი გასწირეს სამშობლოსთვის. ძალიან ბევრი ტკივილია იმ ოჯახებში, ვინც ახლობლები დაკარგა. ვესაუბრე შვილმკვდარ დედებსაც და შეუძლებელია დრომ რაიმე დააკლოს ამ ტკივილს. სამწუხაროდ, ჩვენ წარსულს ვერ შევცვლით, თუმცა მე სწორედ ამ შვილმკვდარი დედების სიმტკიცე მაძლევს იმის თქმის ძალას , რომ ჩვენ ვიმოძრავებთ მშვიდობით ჩვენი მთავარი ამოცანისკენ – ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ. ისინი არიან პირველები, ვინც ამბობენ, რომ აღარასდროს, არც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კონფლიქტით და სხვადასხვა ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ”,- განაცხადა ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
შემდეგი სტატიაპროკურატურა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ძმები ჯაფაროვების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს