ყველა სამართლებრივ ნიუანსზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს – ოხანაშვილი

მეც და ჩემი კოლეგებიც მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ – გამოძიება უნდა დაიწყოს ყველაფერზე, რასაც პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მასაა და “ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ყველა სამართლებრივ ნიუანსზე საგამოძიებო ორგანოსთან ისაუბრებს.

ოხანაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან “უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“.

„მე ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და პარტნიორებთან არაერთი კომუნიკაცია მქონდა, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია საჯაროა, რომ ადგილი ჰქონდა უბინძურეს პროვოკაციას უმძიმესი შეურაცხყოფით, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაფერი ასახულია კამერებზე, ყველაფერი დაინახა იქ მყოფმა ხალხმა. ტყუილების კასკადია, რაც ამ ადამიანმა იკადრა, რომ თითქოს ის ჩემთან არ მოსულა, თითქოს მანამდე ხელი ჩამომართვა და მომიკითხა, თითქოს მივედი და ფიზიკურად გავუსწორდი. იმედი მაქვს, ყველაფერი გასაჯაროვდება და დღის შუქზე გამოვა.

ყველა სამართლებრივ ნიუანსზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ამ ადამიანის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.

ჩემი ქმედება სრულად ჯდება იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ნებადართული იყო, რომ პროპორციულად განხორციელებულიყო – ყველა ნაბიჯი, ყველა ჩემი ქმედება იმ სამართლებრივ ჩარჩოშია, რომელიც ლეგიტიმურად მე, როგორ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, მქონდა. მქონდა თმენის ვალდებულება იქამდე, სადამდეც თმენის ვალდებულება იმ ზღვარს გადავიდა, რასაც დანაშაულის ნიშნები და კონკრეტული საფრთხე ჰქვია.

ყველაფერი ასახულია კამერებზე და ყველაფერი დანახულია არაერთი პირის მიერ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? – იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა – ყაველაშვილი
შემდეგი სტატიარუსულმა ძალებმა სლავიანსკი დაბომბეს, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი