ყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ

ყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უვიზო რეჟიმი ხელისუფლებისა და საზოგადოების საერთო მიღწევაა, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

„უვიზო რეჟიმი იმიტომ მივიღეთ, რომ რეფორმები, რომელიც ევროკავშირთან შეთანხმებული იყო, წარმატებით განხორციელდა. დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ევროპაში მიემგზავრება, რეალურად თავის ქვეყანას წარმოადგენს და ყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ, ამ შესაძლებლობას გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა ამავე თემაზე ოპოზიციის განცხადებებს და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ევროპასთან უვიზო მიმოსვლისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს.

„ოპოზიციის კომენტარები მოვისმინე და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს უპასუხისმგებლო კომენტარები და პოლიტიკური სპეკულაციაა იმიტომ, რომ გვახსოვს ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა” თავიდანვე ძალიან უკმაყოფილო იყო, როდესაც ჩვენ წარმატებით შევასრულეთ უვიზო მიმოსვლის გეგმა და ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მივიღეთ. ისინი მას შემდეგ ცდილობენ, რომ რამენაირად ჩრდილი მიაყენონ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მიღწევას. რაც შეეხება პრობლემებს, ევროკავშირთან ამ საკითხზე ჩვენ არაერთი დიალოგი გვქონდა ყველა უწყების დონეზე. საზოგადოებამ კარგად იცის, ამ შემთხვევაში პრობლემა რა არის. ეს უკანონო მიგრაციააა. რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, რომ ის წესები და შეთანხმება დავიცვათ, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, საკითხის გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება
შემდეგი სტატიაბათუმში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე შსს ინფორმაციას ავრცელებს