ხუნდაძე – გახარიას გუნდში მოაზრებულმა დეპუტატებმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით გაიმარჯვეს

გახარიას გუნდში მოაზრებულმა დეპუტატებმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით გაიმარჯვეს, თურმე, ოთხი თვის შემდეგ ამ პარტიის ხედვა მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექვსმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ წასვლით, საკუთარი ამომრჩეველიც მიატოვა.

„მგონია, რომ ერთჯერადი პროცესია, როცა გახარიას გუნდში მოაზრებული ექვსი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გავიდა. ის, რომ ისინი იწუნებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და დამოკიდებულებას საკითხების მიმართ, ოთხ თვეში განსხვავებული რა ნახეს? პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად შემოვიდნენ და ის შეძლეს, რომ ამ პარტიის მხარდამჭერებით არჩევნებში გაიმარჯვეს. თურმე, ოთხი თვის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხედვა მიუღებელია. ზოგიერთმა მათგანმა მადლობის თქმაც კი ვერ მოასწრო თანაგუნდელებისა და მომხრეების მიმართ. არჩევნები სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების თანადგომით მოიგეს.

როცა მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს, ასევე მიატოვეს საკუთარი ამომრჩეველი. არადა, ხალხმა მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია იმისთვის, რომ მათი ინტერესები იყოს დაცული. ამომრჩევლისთვის „ქართული ოცნება“ იმის გარანტია იყო, რომ მათი პრობლემები განხილული იქნება. პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს დღეს მაჟორიტარი არ ჰყავს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიარადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ფაქტზე ქუთაისში ორი პირი დააკავეს