ხოშტარია: მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა – თბილისის მაჟორიტარები დაუთმოს სხვა პარტიის წარმომადგენლებს

მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა – თბილისის მაჟორიტარები დაუთმოს სხვა პარტიის წარმომადგენლებს, სადაც გვეყოლება ერთიანი კანდიდატები, მრავალპარტიული კანდიდატები, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა.

მისი თქმით, დიდი სიხარულით შეუწყობს ხელს, რომ სხვადასხვა უბანში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვონ ხალხის ნდობა.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ შევთანხმდით, მერი და საკრებულო იქნება სხვადასხვა პარტიის, ძალიან მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა თბილისის მაჟორიტარები დაუთმოს სხვა პარტიის წარმომადგენლებს, სადაც გვეყოლება ერთიანი კანდიდატები, მრავალპარტიული კანდიდატები.

მიუხედავად ჩემი პარტიული ინტერესისა, დიდი სიხარულით შევუწყობ ხელს, რომ სხვადასხვა უბანში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვონ ხალხის ნდობა და ეს მრავალფეროვნება იყოს ასახული საკრებულოში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ წარდგენილმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, თბილისის მერობის კანდიდატი და ის ერთმანეთის კონტროლზე იქნებიან მიმართული ქვეყნის თუ ქალაქის მმართველობაში.

„დღეს გთავაზობთ მართვის იმ მოდელს, სადაც იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი, სადაც ადამიანის ჩაგვრა, ძალადობა არის გამორიცხული და ეს არის კოალიციური მმართველობის ფორმა. ერთიანობა არ უნდა იყოს დანაშაულში შეთქმულთა ჯგუფი, რომლესაც ვხედავთ სასამართლოში, პარლამენტში და „ოცნების“ ბევრ სხვადასხვა ჯგუფში.

მე და ნიკა ვართ ერთიანი ამ ბრძოლაში, მაგრამ ვართ და ვიქნებით ერთმანეთის კონტროლზე მიმართული ქვეყნის თუ ქალაქის მმართველობაში.

უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რომ საკრებულო და მერი აღარ იყოს ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება და უბრალოდ დანამატი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, ამ არჩევნებმა, თბილისმა უნდა აჩვენოს, რომ ეს ასე არ იქნება.

წინა სტატიაშიგახარიას პარტია გორის მერად კოტე ანანიაშვილს წარადგენს
შემდეგი სტატია„გირჩი – მეტი თავისუფლება“ თბილისში არ დააყენებს საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დაუჭერს ნიკა მელიას