ხორავას ქუჩაზე დაღუპულთა ოჯახებს მინდა ვუთხრა, რომ არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ იშურებს ძალისხმევას, რომ მათ სამართლიანობის განცდა ჰქონოდეთ

სააპელაციო განაჩენი დადგა დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, რომელმაც ჩათვალა, რომ ნაწილი პროკურატურის პოზიციისა იმსახურებდა გაზიარებას, ნაწილი არ იმსახურებდა, სწორედ ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩის საქმის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საქმე.

„ამ საქმეს პირველივე დღიდან იძიებს შსს-ს საგამოძიებო ორგანო, ზედამხედველობდა პროკურატურა და მათ გააკეთეს, რაც შეძლეს იმ პირობებში, როდესაც არაერთი არასრულწლოვანი მოწმე არასრულ, ცრუ ჩვენებას აძლევდა, ფარავდნენ ერთმანეთს. რეალურად იმ მოკლე ვადებში, რომელსაც ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, შეუძლებელი იყო იმაზე უფრო მეტი მტკიცებულების მოპოვება თავის დროზე, რაც იქნა მოპოვებული. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება გრძელდება. სააპელაციო განაჩენი დადგა დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, რომელმაც ჩათვალა, რომ ნაწილი პროკურატურის პოზიციისა იმსახურებდა გაზიარებას, ნაწილი არ იმსახურებდა. სწორედ ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენს ქვეყანაში. ყველა ქვეყანაში პროკურორს შეიძლება დაუდგეს დღე, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი სასამართლოს მიერ არ იქნება გაზიარებული. თავიდანაც ვამბობდი, რომ ეს არ არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ შეიძლება ან მთავარი პროკურორი გადავაყენოთ, ან რომელიმე პროკურორს ვუსაყვედუროთ, რომ მან ვერ დაასჯევინა მოსამართლეს ესა თუ ის ბრალდებული. პროკურორი და ადვოკატი არიან თანასწორუფლებიანი მხარეები, ხოლო მოსამართლე ჩვენი საპროცესო კანონის მიხედვით, არის არბიტრი, რომელიც აფასებს, აჯერებს, ადარებს მტკიცებულებებს და იზიარებს ერთი ან მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ პოზიციას. მინდა, ორივე ოჯახს ვუსურვო, რომ მომავალში, რაც პროცესი და გამოძიებაც გაგრძელდება, სამართლიანობის განცდა ჰქონოდეთ. მინდა ვუთხრა მათ, რომ არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ იშურებს ძალისხმევას, რომ ეს დღე მათთვის დადგეს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

სააპელაციო სასამართლომ გუშინ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში იმაზე უარეს შედეგს მივიღებთ, რაც გვქონდა
შემდეგი სტატიასაბურთალოზე არასრულწლოვანი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა