ხმაური ფოთის საკრებულოში – აუდიტის დასკვნაზე მსჯელობას დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური იყო დღეს ფოთის საკრებულოში, სადაც აუდიტის სამსახურის დასკვნას განიხილავდნენ.

მაკონტროლებელი ორგანოს მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე, ოპოზიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას აკისრებს, რომელიც 2016-2017 წლებში ფოთის მერი იყო. სწორედ ამ წლებში განხორციელებული პროექტები მოხვდა აუდიტის დასკვნაში. დოკუმენტის მიხედვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელზეც ასობით ათასი ლარი დაიხარჯა, უხარისხოდ არის ჩატარებული, რაც კორუფციის შესაძლო ფაქტებზე მეტყველებს.

„ყველა პროექტი, კოლხეთის სტადიონი, კინოთეატრი, სანაპირო ზოლი მალთაყვის – ყველა გაჩერებულია თანხის გაფლანგვის გამო. აი ამ ყველაფერზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ბატონმა კაკულიამ, როდესაც ის იყო ქალაქის მერი, ახლა საკრებულოს თავმჯდომარეა და დღევანდელმა ქალაქის მერმა უნდა აიღოს ამ ყველაფერზე, ამ უმსგავსობაზე, ამ კორუფციაზე და ამ უნიათობაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა,“ – აცხადებს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”ევროპული საქართველოდან”, ფრაქცია ”კოლხეთი” წევრი ვახტანგ დარცმელიძე.

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით ხომერიკის განცხადებით, დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალაქის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იღებდა.

„დასკვნაში პირდაპირ წერია სიტყვა სიტყვით შავით თეთრზე, რომ ქალაქის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებებს იღებდა არა კანონიდან გამომდინარე, არამედ თავისი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ მოვთხოვეთ, რომ აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ საკითხებზე,“ – განაცხადა დავით ხომერიკმა.

თავად ირაკლი კაკულია კი აუდიტის დასკვნას ეთანხმება. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი აუდიტის დასკვნაში მოცემულ მითითებებს აუცილებლად გაითვალისწინებს.

„რა თქმა უნდა აუდიტის დასკვნის რეკომენდაციებს ვეთანხმებით, ეს არის გასათვალისწინებელი. ვინც აკეთებს რეალურად საქმეს, მას ყოველთვის აქვს რაღაც პატარ-პატარა ხარვეზები, რაც ასახული არის კიდევაც და მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აუდიტის დასკვნაში მოცემული რაღაც ხარვეზების გამოსწორება მიეცეს შესრულებაში,“ – განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მიქაუტაძე – კამპანია „გააკეთე შენი არჩევანი – მოითხოვე აცილება” ღიმილის მომგვრელია
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა