ხელოვნურად იქმნება შეფერხება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადაეცეს.

მისი თქმით, ცხედრის გადმოცემა ხელოვნურად ფერხდება, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ვაკეთებთ ყველაფერს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოეცეს ოჯახს და მოგვეცეს შესაძლებლობა, ღირსეულად მივაბაროთ მიწას ჩვენი თანამოქალაქე. ამ მომენტისთვის, ახალი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუმცა როგორც გითხარით, ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად.

ის, რომ ხელოვნურად იქმნება შეფერხება ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და პრაქტიკას. ვფიქრობ, აქ უფრო მეტი კითხვები ჩნდება იმაზე, რა პრეტენზიები და რა შეფასებებიც გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული შეკითხვების მოსახსნელად, უპირველეს ყოვლისა, ცხედარი უმოკლეს დროში უნდა გადმოეცეს ოჯახს და ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება, საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან ოჯახისთვის ჯერ არ გადაუციათ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე მომზადებული რეზოლუციების თემაზე კინკლაობა ქვეყანას ზიანს აყენებს
შემდეგი სტატიავარკეთილში დაჭრილი ავტობუსის მძღოლი კვლავ მართვით სუნთქვაზეა