თამარ ჩუგოშვილი : არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე მომზადებული რეზოლუციების თემაზე კინკლაობა ქვეყანას ზიანს აყენებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის რეზოლუციების სულისკვეთება ერთია და ის ოკუპაციის დაგმობისკენ არის მიმართული.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კინკლაობა ქვეყანას ზიანს აყენებს.

„ვინც ამ საკითხებზე კინკლაობს, პრობლემას ის ქმნის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ორივე რეზოლუციაში სულისკვეთება ერთიდაიგივეა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და ოკუპაციის დაგმობისკენ არის მიმართული, ასევე გამოყოფილია ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა. კონკრეტულად რა ფორმას მიიღებს და როგორ აისახება საბოლოო ტექსტზე ის ტექნიკური განსხვავებები, რომლებიც რეზოლუციებს შორის არის, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ რეზოლუციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოამზადეს.

საკანონდებლო ორგანოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობა გრძელდება.

რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები იგეგმება.

საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციის შემუშავებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობას მიესალმება და იმედოვნებს, რომ ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთიან პროექტზე შეჯერდებიან.

შეთანხმდება თუ არა რეზოლუციის ერთიან პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო პირველი კლასელებისთვის 55 050 კომპიუტერის შეძენაზე ტენდერს აცხადებს
შემდეგი სტატიახელოვნურად იქმნება შეფერხება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება