,,ხელისუფლებამ არჩევნების შედეგებიდან გამოიტანა დასკვნა, რომ კრიტიკის ჩახშობა სჭირდება, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს”

ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან დასკვნა გამოიტანა, რომ კრიტიკის ჩახშობა სჭირდება, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ამ ამოცანას ვერ მიაღწევს და ამის მცდელობისას შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყანასა და სამოქალაქო მშვიდობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომელიც ცილისწამებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები სიტყვის, მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური დისკუსიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

„ხელისუფლებამ საკითხი „ღირსეული ამოცანებით“ რაც არ უნდა შეფუთოს, ყველამ იცის, რომ ივანიშვილის გუნდმა არჩევნებიდან დასკვნა გამოიტანა, რომ მათთვის ადმინისტრაციული მეთოდებით კრიტიკის შეზღუდვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საკითხს წინააღმდეგობას გაუწევს, რადგან ქვეყნის მომავლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ე.წ. კეთილშობილი ამოცანების მომიზეზებით კრიტიკის ჩახშობა ხდება, რაც რეალურად ქვეყანას არადემოკრატიული გზისკენ უბიძგებს. ეს სამოქალაქო მშვიდობის საწინააღმდეგო ნაბიჯია. როცა ამ სახის მეთოდებით კრიტიკის ჩახშობა ხდება, ხელისუფლების მიმართ ლეგიტიმური ბრაზი სხვა პრობლემატური ფორმით გამოიხატება”, – აცხადებს დეპუტატი.

ბოკერიას შეფასებით, ქვეყანას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კანონმდებლობა აქვს, რაც დამატებით ცვლილებებს არ საჭიროებს.

„მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივა ვნახეთ, რითაც ტელევიზიების თვითრეგულირების მთელი სფერო მათ შინაარსობრივი რეგულირების საკითხში გადადის. ყველამ ვიცით, ეს რითი მთავრდება – ჩვენს გარშემო როგორ იწყება ღირსების დაცვის ლოზუნგით და რეალურად მთავრობის კრიტიკის შეზღუდვა ხდება. მსოფლიოში აღიარებული კანონი გვაქვს, განსაკუთრებით პოლიტიკური სიტყვის დასაცავად. ეს კანონი ყველას უფლებას იცავს, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს და მწვავე აზრს გამოთქვამს. ეს სტანდარტი არ მოსწონთ. შეტევის ახალი ტალღა წამოიწყეს, მაგრამ ახლის მოგონება საჭირო არ არის, რადგან კანონმდებლობა სიტყვის და განსაკუთრებით პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებას იცავს. ევროპის მაგალითებზე საუბრობენ და გეტყვით, რომ ევროპაში მრავალნაირი მაგალითი შეგიძლიათ იპოვოთ. საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ტრადიცია არ გააჩნია. ძველი ისტორიის მქონე ახალგაზრდა დემოკრატია ვართ. ის საფრთხეები, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის გამო, ღრმა ტრადიციის მქონე ქვეყნებში შეიძლება მცირე იყოს, ან არ არსებობდეს, ჩვენთან შეიძლება საბედისწეროდ იქცეს. ევროპული მაგალითებიც არ არის კარგი, მაგრამ ბევრგან, სადაც შესაბამისი კანონმდებლობა არსებობს, პრაქტიკულად განეიტრალებულია სასამართლოთი“, – დასძინა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ბატიაშვილი- მე-11 და მე-12 კლასებისთვის გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საბოლოოა
შემდეგი სტატიასოფო ვერძეული-საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის შენახვა თუ სხვისთვის გაზიარება არის დასჯადი