მიხეილ ბატიაშვილი- მე-11 და მე-12 კლასებისთვის გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საბოლოოა

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მე-11 და მე-12 კლასებისთვის გამოცდების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სკოლა უნდა იყოს ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუცია, გამოცდები უნდა ემსახურებოდეს რეალურად ცოდნის შემოწმებას და არ უნდა ხდებოდეს მთელი პროცესის წარმართვა გამოცდებისკენ.

ამასთან, მინისტრის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და აღნიშნა, რომ ცვლილება არ შეეხება.

„გამოცდები გაუქმდა მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, იგივე საკანონმდებლო დონეზე. აქამდეც ვმუშაობდით და დღესაც თათბირი, რაც შეიძლება სწრაფად გავიტანოთ ყველა ის ცვლილება, რაც საჭიროა. ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და მას ცვლილება არ შეეხება. მომავალ წელს უკვე დაანონსებულია, ანუ მომავალი წლის ცვლილება უკვე ფიზიკურად შეუძლებელია რომ განხორციელდეს, რადგან ამას სჭირდება მთელი რიგი ცვლილებები. ამიტომ ის, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, საბოლოო გადაწყვეტილებაა.

გვაქვს ხედვა, რომელიც მოიცავს ძლიერი სკოლის განვითარებას და მიმართულია იმისკენ, რომ სკოლა მივიღოთ რაც შეიძლება რეფორმირებული, კარგი პედაგოგებით, ინფრასტრუქტურით. სკოლა უნდა იყოს ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუცია, გამოცდები უნდა ემსახურებოდეს რეალურად ცოდნის შემოწმებას და არ უნდა ხდებოდეს მთელი პროცესის წარმართვა გამოცდებისკენ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, გამოცდების ნაწილი განათლების რეფორმის მხოლოდ ერთი ნაწილია. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტროში სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა განათლების სფეროში არსებული ყველა კომპონენტის განხილვა.

„ორშაბათს საუბარი გვექნება, რის გაკეთებას ვაპირებთ პროფესიული მიმართულებით. მესმის, რომ დიდ ინტერესს იწვევს გამოცდების თემა, მაგრამ ეს არის რეფორმების ის მცირედი ნაწილი, რომელიც უკვე წარვადგინეთ. დღეს ვისაუბრეთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერების განვითარებაზე. ეს გამოცდების სისტემის ჩვენი შეხედულება არის მთლიანი რეფორმის ერთი კომპონენტი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კითხვაზე, მოეხსნებათ თუ არა გამოცდები მათ, ვინც შარშან გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, დეტალებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.

„ყველა ასეთი კითხვისთვის პასუხი სავარაუდოდ, ორშაბათს გვექნება. იმ ბავშვებმა, რომლებმაც შარშან ვერ ჩააბარეს გამოცდები, ამ საკითხის განხილვა სავარაუდოდ, სკოლის დონეზე მოხდება. წინასწარ რომ არ ვისაუბრო, დეტალებზე უახლოეს დღეებში ვისაუბრებთ. ერთადერთი მიზანი გვაქვს – ყველას დავეხმაროთ, რომ პრობლემა გადაიჭრას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების შესახებ დღეს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციებთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატია,,ხელისუფლებამ არჩევნების შედეგებიდან გამოიტანა დასკვნა, რომ კრიტიკის ჩახშობა სჭირდება, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს”