ხელისუფლება, რომელიც თვლის, რომ მესამე სექტორი არ უნდა აკრიტიკებდეს, იქ სხვა ტიპის მმართველობის რეჟიმი უნდა არსებობდეს და არა დემოკრატია – სალაძე წულუკიანის კრიტიკაზე

ხელისუფლებისგან თავდასხმითი სერიის გაგრძელებას ელოდებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები მესამე სექტორისადმი კრიტიკას გააგრძელებენ.

სალაძე ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი და იუსტიციის მინისტრი არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას კოპენჰაგენის ფორუმზე გამოთქმული კრიტიკით არ დაასრულებს.

„ისინი, ალბათ, მეტი სიმწვავით ისაუბრებენ სხვა ფორუმებზე, მაგრამ მინდა შევახსენო რომ ისინი ზიანს აყენებენ სახელმწიფოს და არა რომელიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, ვინაიდან ასეთი განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ დიახ, სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ხელისუფლება, რომელიც თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა აკრიტიკებდეს მას, იქ სხვა ტიპის რეჟიმი უნდა არსებობდეს საერთოდ მმართველობის თვალსაზრისით და არა ის, რომელიც დაკავშირებულია და გამოხატავს დემოკრატიას,“-აცხადებს სალაძე.

„ისინი ცდილობენ ხელოვნური მტრის ხატის შექმნას“ – ასე ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთი წარმომადგენელი სოფო ვერძეული თეა წულუკიანი კრიტიკას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიმართ.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ ხელისუფლება აგრესიის მიმართვას სხვა მხარეს ცდილობენ.

„თუკი აქამდე ცამეტი ქალი და კაცი იყო პრობლემა ახლა აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია არის ერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ ბრალდებებზე საუბრობს, რაც ასე არ არის“-ამბობს ვერძეული.

კოპენჰაგენის ფორუმზე იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის კითხვამ გააღიზიანა. პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს მას გიორგი ონიანმა კითხვა, საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ დაუსვა.

მინისტრმა ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი წინა ხელისუფლების დროს შს სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და შესაძლოა მას 7 ნოემბრის აქციის დაშლაში წვლილიც მიუძღვის.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილის გამონათქვამები და ჰააგის სასამართლოში დავის შეჩერება – კახიძე “ქართულ ოცნებას” კაპიტულანტურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაილია ელოშვილი საქართველო-ჩინეთის ინვესტირებისა და თანამშრომლობის სემინარს დაესწრო