ზურაბიშვილის გამონათქვამები და ჰააგის სასამართლოში დავის შეჩერება – კახიძე “ქართულ ოცნებას” კაპიტულანტურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს

თავის მართლების უსუსური მცდელობა – ასე აფასებს ოპოზიცია მმართველი გუნდის გუშინდელ ახსნა-განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა რუსეთ-საქართველოს შორის შეჩერებულია და შესაბამისად რუსულ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამების შეტანა ბევრს არაფერს შეცვლის.

“ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის გამონათქვამები ძალიან სახიფათოა.

ოთარ კახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნება“ კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.

კახიძემ ასევე განმარტა, რომ საერთაშორისო სასამართლოში დავა არა შეწყვეტილი, არამედ შეჩერებულია.

„ოფიციალურად ციტირებულია ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სასამართლო დავაში, რაც არის უტყუარი დასტური იმის, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი მაშინაც და ახლაც ეწევა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. დავა არ არის დასრულებული, ჯერ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტი შემდგარია, რომ იყენებს ზურაბიშვილის გამონათქვამებს, მაგრამ დავა დასრულებული არ არის, სასამართლომ მოუწოდა მხარეებს, რომ ამოეწურათ დიალოგის რესურსი, რომ სასამართლოში საქმის განახლებამდე ეწარმოებინათ დიალოგი, რა მიზნითაც საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო, გაეგრძელებინა წინამორბედი ხელისუფლების ნაბიჯები, გაეგზავნა ოფიციალური ნოტები და ეჩვენებინა სასამართლოსთვის, რომ დიალოგის ყველა გონივრული რესურსი არის ამოწურული და ამის შემდგომ ჩვეულებრივ განახლდებოდა დავა საერთაშორისო სასამართლოში. „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის აღიარება, რომ ამ სასამართლოში დავა აღარ მიმდინარეობს, ეს ნიშნავს კაპიტულანტურ დამოკიდებულებას საერთაშორისო სასამართლოებში დავების მიმართ,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდი რუსეთმა ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად წარადგინა. წიგნს „ქართული ტრაგედია 2003-2008“ ჰქვია.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში 2008 წელს შეიტანა. სარჩელი 1990-იანი წლებიდან დღემდე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნოწმენდას ეხებოდა. 2009-ში რუსეთმა საპასუხო სარჩელი მოამზადა.

banner
წინა სტატიაში“შეუძლებელია იმის გარკვევა რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება” – სებ-ის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიახელისუფლება, რომელიც თვლის, რომ მესამე სექტორი არ უნდა აკრიტიკებდეს, იქ სხვა ტიპის მმართველობის რეჟიმი უნდა არსებობდეს და არა დემოკრატია – სალაძე წულუკიანის კრიტიკაზე