ხელისუფლება როგორც კი გამოიცვლება, რუსებს უნდა მიეცეთ ერთი წელი, გაყიდონ ბინები, 100 ათას ზედმეტ რუსს უნდა მოვუწოდოთ, წავიდნენ და ჩანაცვლდნენ 100 ათასი ნიჭიერი ქართველით – სააკაშვილი

ხელისუფლება როგორც კი გამოიცვლება, რუსებს უნდა მიეცეთ ერთი წელი, რომ გაყიდონ ბინები და სახელმწიფოს დახმარებით, ეს ბინები შეღავათიან ფასებში იყიდონ უცხოეთში მყოფმა ქართველებმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი ხალხი საქართველოსთვის მომეტებული საფრთხის წყაროა.

„მინდა, ვთქვა რუსებზე, რომლებიც არიან შემოსული საქართველოში. ეს არის დიდი უბედურება და საფრთხე. რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება არის შეუძლებელი. ეს ხალხი არის მომეტებული საფრთხის წყარო საქართველოსთვის. მინდა, უბრალოდ ვუთხრა მათ, რომ, როგორც კი, ხელისუფლება გამოიცვლება და თამაშის წესები უნდა იყოს პატიოსანი და პირადი საკუთრება ხელშეუხებელი და პირიქით, პირადი საკუთრების გაძლიერებულ დაცვას ვაპირებ, მათ უნდა მიეცეთ ერთი წელი, გაყიდონ ბინები. უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა და სახელმწიფოს დახმარებით, უცხოეთში მყოფ ქართველებს შეღავათიან ფასებში აყიდინონ ეს ბინები. უნდა შევქმნათ ქართველების დაბრუნების პროგრამა. მათ შორის, იმ კერძო საკუთრების, იმ ნაყიდი ბინების ხარჯზე, რომლებიც რუსებს გააჩნიათ დღეს საქართველოში. რუსები საქართველოში გრძელვადიანი მომავლით ვერ იქნებიან, რადგან ვიდრე ვართ ამ მდგომარეობაში, რომ როდესაც რუსეთი ოკუპანტია, შეუძლებელია, ეს არ განიხილებოდეს ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხედ. როგორი რუსები არიან ესენი, თავის ბიზნესებს იკეთებენ, თავისი რესტორნები აქვთ, სასტუმრო ბიზნესი და სამშენებლო კომპანიები, პრაქტიკულად, ქართველები გარიყული არიან ბიზნესებიდან. ყველა სხვა უცხოელს, რომელიც ჩადებს ფულს, უნდა დავავალდებულოთ, რომ 90 პროცენტი დასაქმებული მუშახელის სულ მცირე იყოს ქართველი.

უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსები აღარ შემოდიოდნენ საქართველოში, რადგან ისინი არიან მომეტებული საფრთხის წყარო. 100 ათასი რუსი, რომელიც ზედმეტია საქართველოში, ყველანაირად უნდა მოვუწოდოთ, ეკონომიკური ბერკეტები შევუქმნათ, წავიდნენ და ჩანაცვლდნენ 100 ათასი შრომისუნარიანი ნიჭიერი ქართველით, რომელიც ჩამოვა უკან, პირველ ეტაპზე, შემდეგ კი, ჩამოვა კიდევ რამდენიმე ასეული ათასი. ჩვენი პროგრამა არის ქართველების უკან დაბრუნების პროგრამა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორიას ძმა ისევ სკანდალში ეხვევა
შემდეგი სტატიააქვე ლომისის ტაძარში შევიდნენ რუსი მესაზღვრეები და ხელისუფლება დაიმალა, თურმე ოკუპანტები ყოფილან თბილები და საყვარლები – მანჯგალაძე