ხაზარაძე – ყველას ვუსურვებდი იყოს გარეთ, მაგრამ „ლელო“ ხვალ აქციას არ შეუერთდება

პარტია „ლელო“ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ჩემი პერსონალური პოზიციაა, რომ ეს პოლიტიკური ვენდეტა არ უნდა იყოს. განსაკუთრებით, როცა საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი სასამართლოს და პროკურორების მიერ უკვე „ქართული ოცნების“ პერიოდში გამოტანილ ბრალდებაზე, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში პოლიტიზებული მართლმსაჯულება უნდა დავასრულოთ. აქედან გამომდინარე, ყველას ვუსურვებდი იყოს გარეთ, მაგრამ პოლიტიკური პარტია „ლელო“ ხვალ ამ აქციას არ შეუერთდება. თუმცა ყველას თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს, რომ მივიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, დღეს მთავარია ფოკუსი გაკეთდეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე.

„თუ გვინდა, რომ დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულება, საჭიროა, რომ „ქართული ოცნება“ მართვას ჩამოვაშოროთ და ქვეყანამ მიიღოს მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა, რათა დავამთავროთ ის მახინჯი სისტემა, რომელიც ასამართლებდა წინა ცხრა წელს და ახლა ამ ცხრა წელს ასამართლებს წინა ხელისუფლებას. 14 ოქტომბერს აქციას პერსონალურად მე არ დავესწრები. ეს ჩვენი ორგანიზებული აქცია არ არის. ამის ორგანიზება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, შესაბამისად, როცა აქცია იგეგმება, ეს არის პასუხისმგებლობა და პარტიამ უნდა იცოდეს, რა არის აქციის გაგრძელება, რა მეთოდებით ხდება შემდგომი სვლა. აქცია გრძელდება, მთავრდება, ბოიკოტის რეჟიმში გადადის თუ ა.შ. ჩვენთვის ასეთი საკითხები ცნობილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ როგორც პარტია, მონაწილეობას არ ვიღებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო საქართველოს პრეზიდენტს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს მიეცეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე თავისი სიმართლის დამტკიცების საშუალება.

„მთელი ჩვენი ფოკუსი არის არის მიმართული იქითკენ, რომ ამ ქვეყანაში სისტემური ცვლილებები მოხდეს. აქცია რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ აქციებით მე ვერ ვხედავ იურიდიულ და სამართლებრივ მექანიზმს, რომ რაიმე შედეგი დადგეს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, არა მარტო პრეზიდენტი, არამედ ნებისმიერი მოქალაქე იმსახურებს სამართლიან სასამართლოს, რომელიც ქვეყანაში არ არის.

„ორშაბათს „ლელომ“ განცხადება გააკეთა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შედეგზე სრულად პასუხისმგებელია ხელისუფლება. ამიტომ გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს აყვანილი სერიოზულ კონტროლზე, რა თქმა უნდა, არის ადეკვატური. შეიძლება დაგვიანებულიც, მაგრამ ჯობია, დროზე გააკეთონ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

წინა სტატიაშიპოლიციამ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაბოკერია – ჩარკვიანებმა და ვიღაცებმა შექმნეს მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი, რაც არასწორად მიმაჩნია