პოლიციამ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია სამი მოქალაქის „ფეისბუქის“ გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ „ფეისბუქის“ მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტბანკის სმს პაროლები, რის საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათსავე საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა.

ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის „ფეისბუქის“ გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტბანკის სმს პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ა.ბ. „ფეისბუქის“ გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინკაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის პირად კომპიუტერში, სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების „ფეისბუქის“ გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები აღმოაჩინა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გამოძიების მონაცემებით, ა.ბ.-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ამ ეტაპისთვის დაზარალებული ათი მოქალაქეა, ხოლო ფინანსური ზარალი 100 000 ლარს შეადგენს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა, დაზარალებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდოს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობამ გადააჭარბოს 300 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, რამაც რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშილილოს დასახლებაში ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა
შემდეგი სტატიახაზარაძე – ყველას ვუსურვებდი იყოს გარეთ, მაგრამ „ლელო“ ხვალ აქციას არ შეუერთდება