ბოკერია – ჩარკვიანებმა და ვიღაცებმა შექმნეს მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი, რაც არასწორად მიმაჩნია

აქცია-ღონისძიება თუ არის კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომ ის არის მხსნელი, ეს შეცდომაა ყველა თვალსაზრისით – ტაქტიკურად და სტრატეგიულად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 14 ოქტომბრისთვის დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას ასეთი მიდგომა არასწორად მიაჩნია, რის გამოც არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაზეც ფიქრობს, რომ შესრულებადი არ არის.

„თაკო ჩარკვიანს არაფერს ვუპასუხებ, პოლიტიკური დევნა უზარმაზარი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და სააკაშვილის, ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მოტივებით დაკავება, მისი პატიმრობა არ არის სააკაშვილის პრობლემა, არის მთელი ქვეყნის მომავლის პრობლემა. ის უნდა იყოს თავისუფალი და პოლიტიკური დევნა მთლიანად უნდა შეწყდეს, მაგრამ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით იმ ფიგურებმა, ჩარკვიანებმა და ვიღაცებმა, ასევე სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა სამწუხაროდ, შექმნეს მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი, მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურებს აზრი არ აქვს. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაში არის გასაღები ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების. ეს მე არასწორ მოლოდინად მიმაჩნია, არარეალურად და ამიტომ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია და სწორი მიდგომაა.

პირიქითაა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება არის გასაღები პოლიტიკური დევნის დასრულების, მათ შორის პოლიტიკური პატიმრობიდან სააკაშვილის გათავისუფლების და არა პირიქით. ერთია, როდესაც გზავნილი არის, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, სირცხვილი, პრობლემაა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივებით ზის ციხეში, ეს ღარიბაშვილმა ღიად და უტიფრად გვითხრა, მეორეა, თუ აქცია-ღონისძიება არის კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომ ის არის მხსნელი, ეს შეცდომაა ყველა თვალსაზრისით – ტაქტიკურად და სტრატეგიულად. როდესაც ასეთი არაზუსტი ამოცანაა და არ ვიცით, რას აპირებენ, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, არ ვიღებ პსუხისმგებლობას ამ ყველაფერზე. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რაც არ უნდა თქვან ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანების ექსტრემისტულმა წარმომადგენლებმა, მათ შორის სააკაშვილის გარემოცვის, ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანას ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების და მეორე ტურში ყველგან ოპოზიციურ კანდიდატებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ არიან, მხარი უნდა დავუჭიროთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – ყველას ვუსურვებდი იყოს გარეთ, მაგრამ „ლელო“ ხვალ აქციას არ შეუერთდება
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ფოტო ვრცელდება, რომელიც თბილისში, პარლამენტთანაა გადაღებული