ხაზარაძე: გამოსავალია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე

ლელოს აზრით ყველაზე რეალისტურ გამოსავალად მიგვაჩნია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე – ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკოს ახალი შემადგენლობით – ამის შესახებ განცხადებას “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს.

ხაზარაძე წერს, რომ რადგან 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია ჩასატარებელი, ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარება არარეალისტურია.

​ხაზარაძე სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს ჩაერთონ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში:

პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, “ლელო” და დანარჩენი ოპოზიცია, რომელსაც გაუყალბეს და მოპარეს არჩევნები, არ აპირებს ამასთან შეგუებას და პარლამენტში შესვლას. ეს დღესავით ნათელი უნდა იყოს მართველი პარტიისთვის, ჩვენ არ ვაპირებთ მათთან ვაჭრობას და უსაგნო მოლაპარაკების გაგრძელებას, თუ არ იქნება შესრულებული ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მიღწეული მთავარი მიზანი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. თუ ეს არ მოხდება, გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი და ქართულ ოცნებას მოუწევს სრული პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ერთპარტიულ მართვაზე და შექმნილ კრიზისზე, ხოლო საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი დარჩება პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე.

ლელოს აზრით ყველაზე რეალისტურ გამოსავალად მიგვაჩნია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე – ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკოს ახალი შემადგენლობით.

2022 წელი იმიტომ , რომ წელს ადგილობრივი არჩევნებია ჩასატარებელი, შესაბამისად, ორი არჩევნების ჩატარება ერთდროულად არარეალურად გვეჩვენება.

მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ მძიმე ვითარების განმუხტვის პროცესში.

დრო ყველა ჩვენთაგანის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს! რადგან რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პოლიტიკური კრიზისი, მით უფრო გამწვავდება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, გაღატაკდება ქვეყანა! მით უფრო რთული იქნება ამ ჩიხიდან გამოსვლა. გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ თითოელი მოქალაქის ხელშია! – წერს ხაზარაძე

banner
წინა სტატიაშითბილისის სატელევიზიო ანძა კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფერებში განათდა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: აუცილებელია ოპოზიცია გააქტიურდეს