ნინო ბურჯანაძე: აუცილებელია ოპოზიცია გააქტიურდეს

რაუნდი რაუნდისთვის არ უნდა შედგეს, კონკრეტული შედეგის მატარებელი რომ იყოს, ამისი მზაობა უნდა ჰქონდეს პირველ რიგში, ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლების გადასაწყვეტია ის საკითხები, რასაც ოპოზიცია აყენებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ის ვერ ხედავს ვერანაირ სივრცეს, რომ რაუნდი რეალური შედეგებით შედგეს.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, აუცილებელია, ოპოზიცია გააქტიურდეს.

„როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს იმაზე, რომ ის არ აპირებს არანაირ დათმობაზე წამოსვლას ისეთ უმთავრეს საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის ვადამდელი არჩევნები, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მხოლოდ საარჩევნო გარემოზე აკეთებს აქცენტს, და ისიც ვიცით ჩვენ, როგორ ჩაატარებს ამ საარჩევნო გარემოს რეფორმირებას, ასეთ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ვერანაირ სივრცეს იმისთვის, რომ რაუნდი შედგეს რეალური შედეგებით.

ასე რომ, მე ვფიქრობ, ხელისუფლება არის ის ძალა, რომელსაც არ ესმის ჩვეულებრივი, ნორმალური, მხოლოდ ოთახის კედლებით შემოფარგლული საუბარი. ამიტომ, აუცილებელია, ოპოზიცია გააქტიურდეს, ვგულისხმობ მათ შორის აქციების მომზადებას, რადგან ფაქტია, ხელისუფლებას უნდა, ოპოზიცია მაქსიმალურად ჩაითრიოს გრძელვადიან პროცესში, სადაც მოლაპარაკებები იქნება მხოლოდ მოლაპარაკებებისთვის, რადგან მთავარი თემები გადაიფაროს და ეს მოლაპარაკებები არანაირი შედეგით არ დასრულდება“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდიდან არ წასულა.

„ჩვენ ისევ გვაქვს დატოვებული უმთავრესი მოთხოვნები. თუ ამ მოთხოვნების განხილვაზე და შესაბამისად, გადაწყვეტაზე „ქართული ოცნება“ წამოვა, რა თქმა უნდა, სჯობს, მოლაპარაკებების მაგიდასთან შევთანხმდეთ და შევაჯეროთ უახლოეს ხანებში ვადამდელი არჩევნების თარიღი, ვიდრე მაინც და მაინც ქუჩაში ვიდგეთ. უბრალოდ, ეს შანსი ჯერჯერობით არის დატოვებული, მაგრამ ჩემი აზრით, არ არის რეალისტური“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: გამოსავალია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე
შემდეგი სტატიაიოსელიანი: შემოდგომაზე არჩევნები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, გამჭვირვალე და სამართლიანი