ხატია დეკანოიძე – “ოცნებას” ზეიმი ჩაეშალა…

ქუთაისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, გუშინ, ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ, მმართველ გუნდს ზეიმი ჩაეშალა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.

“გუშინ, “ქართულ ოცნებას” ჩაეშალა დაწყებული ზეიმი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და ჩაეშალა მათი მთელი სტრუქტურა, როდესაც ამბობდნენ, რომ აი, მეორე ტურები არ გვექნება, პირველ ტურში მოიგებს ყველა თვითმმართველ ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში “ქართული ოცნება” და გაღიმებული კახი კალაძე სცენაზე დატოვეს”, – თქვა დეკანოიძემ.

მან თანამებრძოლებს არჩევნებზე მოპოვებული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა მოქალაქეს, რომლებმაც მას ქუთაისის მერის არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადეს.

“დიახ, საქართველოს დიდმა ქალაქებმა რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადა. თქვენ იცით, რომ თბილისში, ოპოზიციური ერთობით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი აქვს ნიკა მელიას. ზუგდიდში განსაკუთრებული შედეგია, ბატონ ანზორ მელია ვულოცავ. წარმოუდგენელი გმირობაა და ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ისტორიულ პროცესში, წარმოუდგენელი გმირია. რუსთავში დავით კირკიტაძეს მინდა მივულოცო, თელავში გიორგის და ყველას დიდ ქალაქებში. ასევე სენაკში, თქვენ იცით, რომ კობა ნაყოფიამ ღირსეული შედეგი დადო და ქუთაისში – თქვენი მოწიწებით, დიდი მადლობა ადამიანებს, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ მნიშვნელოვან ბრძოლას ბოლომდე მიიყვანდნენ. დიახ მეგობრებო, ოპოზიცია დიდ ქალაქებში უმრავლესობაშია”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა მედიას და საერთაშორისო პარტნიორებს.

“წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინეს ჟურნალისტებმა, ყოველდღიურად, ყოველწუთიერად იყვნენ საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენთან და აშუქებდნენ იმ ძალადობას და მოსყიდვას, წარმოუდგენელ დარღვევებს, რომელიც იყო საარჩევნო კამპანიაში. თქვენ ხართ გმირები ყველა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც იცავდა ხმებს გუშინ. ასევე დიდი მადლობა საერთაშორისო პარტნიორებს, დამკვირვებლებს”, – თქვა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური – ვულოცავთ “ოცნებას” 8 თვის წინ დისკრედიტირებული “ნაცმოძრაობის” გაცოცხლებას
შემდეგი სტატიაროგორც პრეზიდენტი, სულ ვაბრუნებ მოქალაქეებს უკრაინაში – ზელენსკი სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება