ხათუნა სამნიძე – საარჩევნო ადმინისტრაციაში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ჩაანაცვლებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ჩაანაცვლებს. როგორც ჟურნალისტებს სამნიძემ განუცხადა, სამუშაო ჯგუფის ბოლო სხდომაზე წინადადება იყო, რომ კანონმდებლობაში ჩანაწერი იყოს, რომ „ევროპელმა სოციალისტებმა“ მიიღონ ადმინისტრაციაში წევრი, რაც არის უსამართლო.

„არ მიმაჩნია, რომ კანონში ამ ნორმის არსებობა სწორია. ბოლო შეხვედრაზე შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს იყოს გარდამავალ დებულებაში ჩაწერილი და გავრცელდეს მხოლოდ ერთჯერადად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთ სუბიექტზე იქნება მორგებული. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ანაცვლებს „ევროპელი სოციალისტების“ წევრი. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა რაოდენობის გაზრდა ვერ მოხდება, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტით 17 წევრზე ვართ შეთანხმებული და ამიტომ, გაზრდაზე საუბარი არასერიოზულია, უთანხმოებას გამოიწვევს. „ევროპელი სოციალისტებისთვის“ ადმინისტრაციაში წევრი გულისხმობს იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წევრი აღარ ეყოლება. ამ ჩანაწერის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და მხარს არ დავუჭერ“,- განაცხადა სამნიძემ.

დეპუტატის თქმით, დღეს არის საბოლოო შეხვედრა, ვიდრე დოკუმენტის საბოლოო შეთანხმებული ვერსია ვენეციის კომისიაში არ გაიგზავნება.

„ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს გვაქვს კიდევ ერთი კონსულტაცია და პოზიციების შეჯერება. რამდენიმე საკითხია, რომელიც ბოლო შეხვედრაზე გაჟღერდა. გვინდა, ეს კიდევ ერთხელ გავიაროთ და „ქართულ ოცნებას“ შევთავაზოთ. დღეს დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია – ადმინისტრაციის დაკომპლექტება და მოადგილესთან დაკავშირებული შეკითხვები, რომელიც არის საზოგადოებაში. მოადგილესთან დაკავშირებით მკაფიო ჩანაწერია, რომ მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, ამიტომ აქ საკამათო არაფერია. შევთანხმდით, რომ ასე აუცილებლად იქნება. შემოთავაზებულია ვერსია, რომ იყოს კიდევ ერთი პროფესიული ნიშნით შერჩეული მოადგილე, რომელსაც აქვს ისეთივე მაღალი ლეგიტიმაცია, როგორიც აქვს ცესკო-ს თავმჯდომარეს. აქ ვერ ვხედავ რაიმე ტიპის უთანხმოება იყოს. იმედი მაქვს, რომ დღეს საბოლოოდ შევთანხმდებით“, – განაცხადა სამნიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს და პარლამენტში შემოვიდეს