ხანძრის შედეგად, „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული 345 მოვაჭრე 3 000 ლარიან კომპენსაციას მიიღებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძემ ხანძრის შედეგად, „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეებისთვის თანხის გაცემასთან დაკავშირებით, საბიუჯეტო ცვლილებები განმარტა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შორის შედგა შეთანხმება და ჩვენმა ერთთვიანმა მუშაობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. ეს პერიოდი იმ სიების დაზუსტებას დასჭირდა, რომელიც მთლიანად დაზარალებულებისა და მათი ხელმძღვანელობების ჩართულობასა და მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული. სიების დაზუსტებისთნავე, ჩვენ მერიის სარეზერვო ფონდიდან 345 დაზარალებულისთვის 3 000 ლარის გადაცემის საშუალება მოგვეცა“, -განაცხადა რიმა ბერაძემ.

მისი თქმით, დღეს საკრებულოში ჩანიშნულ საგანგებო სხდომაზე დეპუტატები სწორედ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების დროულად გაცემის მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ შესაბამის ცვლილებებს განიხილავენ.

„ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებს კი მინდა მოვუწოდო, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა ყველაფერზე არ შეიძლება“, – განაცხადა დეპუტატმა.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი მიმდინარე წლის 30 იანვარს გაჩნდა, რომლის შედეგადაც, 5 000 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა და ასეულობით მოვაჭრე დაზარალდა.

banner
წინა სტატიაშიქრონიკული დაავადების მქონე 600 ათასამდე ადამიანი 30-მდე მედიკამენტს უფასოდ მიიღებს
შემდეგი სტატიააღდგომის დღესასწაულზე ისრაელში წასვლის მსურველებს საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციებით მიმართავს