კეზერაშვილის მოთხოვნები და მერაბიშვილის მიერ კულისებიდან მართული პოლიტიკური პროცესები – ელისო კილაძის სკანდალური განცხადებები

“ნიკა მელიას მთავარ შეცდომად დავით კეზერაშვილთან შეხვედრას ვუთვლი და იმ პირობების დაკმაყოფილებას, რასაც კეზერაშვილი ითხოვდა, რომ მინიმალურად ყოფილიყო სააკაშვილის ხსენება”, – ამ საკითხზე “ქრონიკა +”-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

თოქ-შოუ “რეაქციაში” სტუმრობისას ელისო კილაძემ ხაზგასმით აღნიშნა დავით კეზერაშვილის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან, კობა ნაყოფიას გათავისუფლებას ეხებოდა.

“როდესაც ნიკა გვარამიას გათავისუფლების კამპანია ძალიან წარმატებით დაიწყო და მერე იყო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან, ინფორმაციები ვრცელდებოდა, რომ ამას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. შემდეგ, მისი პარტია გახდა იძულებული, რომ აქცია ჩაეტარებინათ ვივა-მედთან. ვინ დაუშალა პარტიას, რომ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია ისეთივე ყოფილიყო, როგორიც ნიკა გვარამიას მეგობრებმა და ჟურნალისტებმა დაგეგმეს?! არც არავინ! რესურსი არ არის?! კეზერაშვილს ფული აღარ აქვს, თუ ვანო მერაბიშვილს?! პოლიტიკური ნება არ არის! პოლიტიკურ ნებაში პარტიულ ნებას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ნიკა მელია ხომ ამიტომ გადაირჩიეს, რომ უმოქმედო იყო?! მე ნიკა მელიას მთავარ შეცდომად დავით კეზერაშვილთან შეხვედრას ვუთვლი და იმ პირობების დაკმაყოფილებას, რასაც კეზერაშვილი ითხოვდა, რომ მინიმალურად ყოფილიყო სააკაშვილის ხსენება, მიხეილ სააკაშვილის თემა დღის წესრიგში აღარ ჩასმულიყო და გარკვეული პერიოდი პარტიას ჰქონდა პაუზა კეზერაშვილისვე მოთხოვნით, რადგან მას უნდა ჩაესხა ფინანსები, რომ პარტია ყოფილიყო ქმედითუნარიანი და ეს პირობა შესრულდა. მაგრამ როდესაც უკვე კეზერაშვილმა მოითხოვა კობა ნაყოფიას გადაყენება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან, იქ უკვე ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ “ეს შეთანხმებები აღარ არსებობს, აღარ იმუშავებს და შესაბამისად, ეს პროცესი დასრულდა”. მე არ ვიცი მელია ამაზე საჯაროდ რატომ არ ლაპრაკობს”, – თქვა კილაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე თემურ ალასანიასა და ელისო კილაძის შეხვედრის დეტალების განხილვასთან დაკავშირებით, კერძოდ კი ალასანიას უკმაყოფილებაზე “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედებებით მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, “ქრონიკა +”-ის რედაქტორმა უპასუხა, რომ ახლა მთავარი, პოლონელი ექიმების მიერ, მესამე პრეზიდენტზე ახალი დასკვნის გაკეთებაა.

“საერთოდ, პოლიტიკურ პროცესად ამ პროცესს არ უყურებს. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გზა უკვე გითხარით სადაც გადის და მთავარი, ახლა რაც არის, პოლონელი ექიმების დაშვებაა მასთან, ქვეყანაში მათი შემოყვანა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კიდევ ერთი ახალი დასკვნის გაკეთება, ამ ფორმატში სამართლებრივი გზების კიდევ ერთხელ დატრიალება პოლიტიკურ გზებთან ერთად, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს. ფიზიკურად, სიცოცხლე უნდა გადარჩეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, რომელ პოლიტიკურ სპეკულაციაზე და პრემიერ მინისტრობის კანდიდატობაზე ვლაპარაკობთ?!”, – განაცხადა მან.

ელისო კილაძემ, ასევე, ისაუბრა სქართველოში მესამე პრეზიდენტის დაბრუნების მოტივზეც. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა არა იმისთვის, რომ პარტია გახლეჩილიყო და შიდა დაპირისპირებები ჰქონოდათ, არამედ იმისთვის, რომ გაერთიანებულიყვნენ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ.

ამ პოლიტიკურ პროცესში მყოფ ადამიანებს მასშტაბებზე არ შევადარებ, მაგრამ მე მართლა ვთვლი, რომ ზელენსკის ფოტოს გადმოფენა აქციის დროს, მისი მხრიდან, კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რასაც მე გეუბნებით, ის საკუთარ მომავალს ხედავს უკრაინაში და მისი პოლიტიკური მომავალი უკავშირდება უკრაინას, თუმცა, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გარკვეული და ძალიან მნიშვნელოვანი როლი არ ექნება მის თავგანწირვას, როცა ის ქვეყანაში დაბრუნდა. ის დაბრუნდა სწორედ იმიტომ, რომ აქ პოლიტიკური პროცესი კიარ გაეხლიჩა, პარტიის ერთი მხარისთვის, ან მეორე მხარისთვის მხარი კიარ დაეჭირა და დაეპირისპირებინა ეს ადამინები, არამედ გაეერთიანებინა, დიდი გაერთიანება ყოფილიყო იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი აქ მისულიყო იქამდე, რომ ჩვენ ყველანი ვყოფილიყავით “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. რა მოცემულობა მივიღეთ?! “ქართული ოცნება” არავის აღარ ახსოვს და ოპოზიცია ერთმანეთს ეტოლება, ვინ უფრო მეტი გულშემატკივარია მიხეილ სააკაშვილის და ვის უფრო მეტად შესტკივა გული იმაზე, რომ მიშა სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს”, – განმარტა ელისო კილაძემ.

“ქრონიკა +”-ის რედაქტორმა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის კულისებიდან მართავს პოლიტიკურ პროცესებს

“მე არავის ნაცვლად არ მისაუბრია დეტალებზე, რადგან შესაძლოა, ბატონი თემური თავადაც აპირებდეს ამ თემებზე უახლოეს პერიოდში საუბარს, მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია: ვანო მერაბიშვილის როლი, ბოლო პერიოდის მიმდინარე პროცესებში, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროცესში მართლა ძალიან უხერხულია, რომ ის არასაჯაროდ და კულისებიდან მართავს პროცესებს. გამოვიდეს! “რუხი კრდინალობა” უნდა?! გასაგებია, რომ საჯაროობა მისი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ მას მოუწევს”, – ამბობს კილაძე.

“ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, მან კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. “ქრონიკა +”-ის რედაქტორმა, სააკაშვილის პოზიცია, “შპიგელისთვის” ნათქვამი წინადადების გახსენებით გამოკვეთა, რომლის თანახმადაც, მესამე პრეზიდენტი ნანობს, რომ გირგვლიანის საქმის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

“მერაბიშვილს, თუ უნდა, რომ პოლიტიკაში იყოს, ასე პროცესი ვეღარ გაგრძელდება, მას მოუწევს გამოსვლა, მე საჯაროდ შევთავაზე ინტერვიუ. როცა ციხიდან გამოვიდა, მეორე დღეს დამირეკა, მაშინაც შევთავაზე ინტერვიუ და უარი მითხრა, ახლაც შევთავაზე, რადგან არსებობს კითხვები, რომლებსაც მან საჯაროდ უნდა უპასუხოს. მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არის ის, რაც მან “შპიგელს” უთხრა. ის ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გადააყენა და ასევე, მას აქვს ნათქვამი, რომ ვანომ ახლა პოლიტიკისგან უნდა დაისვენოს”, – აღნიშნა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში მებრძოლი ზურა მუშუქია ცოცხალია
შემდეგი სტატიაძლიერი ხანძარი რუსეთში – ბელგოროდში საცხოვრებელი კორპუსი იწვის